logo

დაბრუნება გალში

ავტორი: ანონიმური

დილის 8 საათზე გავიღვიძე. მოვემზადე. ემოციებით სავსე დღე მელის, ცოტას ვღელავ, და ეს ბუნებრივია. ვინ არ ღელავს ხანგრძლივი, საშიში, არალეგალური მგზავრობის წინ?! ვიცი, საღამოს სახლში ვიქნები, დედას ჩავეხუტები, დავტკბები და ეს ნერვიულობა ამად მიღირს. ჯერ კიდევ მაქვს დრო სანამ ზუგდიდიდან გალში, სახლში წავალ.

გამოვედით ბინიდან, ჩანთებით დახუნძლული. ველოდებით ტაქსის, რომელიც 12 საათისთვის დავიბარე. ვერ მომაგნო. ცოტა არ იყოს ავნერვიულდი. ვუხსნი, სად უნდა მოვიდეს. ძლივს მომაგნო. გვერდით ერთი კაცი ეჯდა. როგორც იქნა მოვათავსეთ ჩანთები და ჩავსხედით.

მგზავრი მეუბნება:
- თქვენც ტყით და მდინარით ხო არ მიდიხართ?
-არა, მე რუსებს ვაბარებ თავს პირდაპირ და ჯარიმას ბანკში ვიხდი.
(წერის პროცესში ენგურის ხიდი დროებით ჩაკეტილი იყო პანდემიის გამო)
-ძალიან მეშინია... რომ დამიჭირონ, გამლახავენ. რამე საბუთი რომ მქონდეს, მეც ჩავბარდებოდი, მაგრამ არ მაქვს.
-სად მიდიხართ ბატონო?
-ოჩამჩირეში, ახლობელი გარდამეცვალა... სხვა გზა არაა! როგორ არ უნდა დავიტირო. ისევ ამბობს რომ ეშინია არ დაიჭირონ, არ ცემონ.

მოვედით ხურჩაში, იქ სადაც ჩვენი პოლიცია დგას. მძღოლი და პოლიცია ერთმანეთს იცნობენ, ეტყობა. პოლიცია ეკითხება ცინიკურად:
-სტუმრები ესენი არიან?
-კი, ესენი.

დიახ ცინიკური იყო, რადგან პოლიციამაც იცოდა სად მივდიოდით. კარანტინი მოხსნილი იყო, თუმცა მაინც ვეპარებოდით ამ პოლიციას. იმისათვის რომ სტუმრად გავესაღებინე, 50 ლარი გადავუხადე მძღოლს; მეორემ ზუსტად არ ვიცი რამდენი მისცა. ჩემი ჩამოსვლის მერე გადაუხდიდა. ალბათ ისიც ამდენს.

მოვედი, უკვე ნაცნობი ადგილია. გამახსენდა აქეთ რომ დავდიოდით. რა მარტივი იყო წლების წინ მიმოსვლა. ისიც გამახსენდა მამა სად იჯდა ხოლმე...ისიც ტაქსის მძღოლი იყო, ჩვენი სოფლიდან დაჰყავდა მგზავრები…

კარგი, დროა, გზას დავადგე.

გადმოვედი, გადავკვეთე საზღვარი. გადმოვიტანე ყველაფერი. ორჯერ მომიწია იქით-აქეთ წამოსვლა. ჯერ თხილნარში შევედი, იქიდან ეზოში, მერე სახლში დავკაკუნე, ჯერ ერთ კარში, მერე მეორეში შევედი. არავინ დამხვდა. აშკარა იყო, რომ მანდ ცხოვრობდნენ. რუსების საერთო საცხოვრებლისკენ წამოვედი. შორიდან დავინახე დედაჩემი. ხელს მიქნევდა. აქ კიდევ ერთი რუსი ქალი იყო, ისიც ჩემსავით გადმოპარული. ამასობაში დედამ რუსებს გადასცა, რომ უკვე ადგილზე ვიყავი და შეეძლოთ ჩემთან მოსულიყვნენ.. ერთი რუსი მომიახლოვდა, მომესალმა:

-добрый день
-добрый.
-ваши документы пожалуйста
-вот.

დახედა და დედას ნება დართო ჩემთან მოსულიყო და ნივთები გამოერთმია. დედას თან ახლობელი ახლდა, ჩანთები მას მივაწოდე. დავინახე, რომ დედაც ჩემკენ წამოვიდა. მე მისკენ დავიძარი. ამ დროს მესმის:

- девочка туда нельзя

დედას შევხედე. ჩანთები მივაწოდე. ისეთი აღელვებული ვიყავით ორივე. უნდა გადამეკოცნა და ჩავხუტებოდი, მაგრამ არ დამცალდა. დედა წავიდა. მე და რუსი ქალი შევრჩით ერთმანეთს. ვცდილობთ გავიცნოთ ერთმანეთი. გულის ოპერაცია გაუკეთებია ქუთაისში წელიწადნახევრის წინ, ენატრება შვილები და შვილიშვილები. მეკითხება:
-დავრეკო და ვუთხრა, რომ მივდივარ, თუ სიურპრიზად დავუტოვო?
-რა თქმა უნდა, სიუპრიზად დატოვეთ ქალბატონო, მე ძალიან გამიხარდებოდა-მეთქი.

ამბობს, როდის გავერთიანდებითო, ასე ახლოს ვართ ერთმანეთთან და თან ასე შორს, ვის გაუგიაო. ესმის ჩვენი ტკივილი. კარგი ქალი ჩანდა. რამდენიმე საათი ლოდინი მოგვიწია. როგორც იქნა მოვიდა დიდი სატვირთო მანქანა, რომელსაც ურალს ეძახიან და ჩაგვსვეს შიგნით. უხეშად მივყავდით. კატასტროფა იყო. როგორც იქნა მოვაღწიეთ გალამდე. ზევით აგვიყვანეს და აგვიხსნეს, თუ ბანკში 3000 რუბლს არ გადავიხდიდით, საბუთებს არ დაგვიბრუნებდნენ. გავიქეცი ბანკში. იქ მითხრეს, რომ 3020 რუბლი იყო გადასახდელი. 20 რუბლი დამაკლდა, ნახევარი საათი მალოდინეს და მერე გამიშვეს. ავუტანე ქვითარი და მომცეს საბუთი. თავისუფალი ვარ. ეს შეგრძნება ძალიან მომეწონა.

გავიქეცი ჩემს დასთან, რომელიც ბაღში მუშაობს, თან დისშვილებიც უნდა მენახა.ჩემს დას ჩავეხუტე და ვაკოცე. დისშვილებს ეძინათ, მაგრამ გავაღვიძე. ბევრი ვეფერე და წამოვედი. გზაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩვენი მხარის სილამაზეში, ყველა დეტალი იდეალური და უბრალო მომეჩვენა. სადგურამდე ფეხით ვიარე და ავტოსტოპით, ერთი გაჩერებით, მოვედი ჩემს სოფელში. სულ რაღაც კილომეტრნახევარი გავიარე ფეხით და გზაში მეზობლები მესალმებოდნენ.

- ვაახ ნანას გაუმარჯოს!
- რა ხდება ახალი ნანა, როგორ მოგვენატრე’

მოვედი სახლში. ჭიშკრის ხმა გაისმა თუ არა, აყეფდნენ ჩემი ძაღლები, ისე მელოლიავებოდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ -კეთილი იყოს შენი ჩამოსვლაო...და მაინც როგორი ტკბილია სახლი. ერთი ნაბიჯი დამრჩა სახლის ზღურბლამდე და გავჩერდი. უცებ წარმოვიდგინე როგორ დამხვდებოდა მამა, თვალწინ დამიდგა მისი მოციმციმე თვალები, ღიმილი, შრომისგან გაცვეთილი ხელები, რომლითაც ჩამეხუტებოდა და მომეფერებოდა. ‘მორჩა, ის სულ ჩემთან არის’- ცრემლი მოვიწმინდე, გავიღიმე და სახლში შევედი.
-’დედიი, ჩამოვედიი’, ავხმაურდი. ციმციმა თვალებით გამოდის სამზარეულოდან დედა.
-დედა გენაცვალოს, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა.
-შენს დახვედრას ნუ მომიშლის ღმერთი, დე!

diary-image
ეს ჩემი ძაღლი, ბათურაა. თუ ოდესმე ვინმე მონატრებაზე მკითხავს, ძაღლსა და ადამიანს შორის სიყვარულზე, ამ ფოტოს ვაჩვენებ. ვიღაცისთვის, უბრალოდ ძაღლია, ჩემთვის - დაბადების დღის საჩუქარი მამასგან.
diary-image
ეს მდინარე ხუმუშქურია, რომელიც ორ სოფელს ჰყოფს. მდინარეს რომ გადახვალ, ჩემს სოფელს მიადგები, ჩემს საამაყო ოდაბადეს.
diary-image
ეს სოფელი მზიურია. ამ ადგილას უამრავი ადამიანი ელოდებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ომამდე. დღეს აქ ადგილობრივები იკრიბებიან და ერთმანეთს გასაჭირსა და სიხარულს უზიარებენ.
diary-image
ეს საცხოვრებელი კორპუსი სოფელ მზიურში დანგრევის პირას არის, თუმცა, გარეთ დარჩენას მაინც იქ ცხოვრებას ამჯობინებენ.
diary-image
სოფელი მზიური. ეს ნაძვები სეზონის ყველა დროისა და ყველა გამვლელის ამბავს იტევენ.
diary-image
ესეც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაა სოფელ მზიურში.
diary-image
ეს ფოტო, ვფიქრობ, ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს ეხება. ამ გზას სოფელ ხურჩამდე მივყავართ, მაგრამ ახლა, ამ Მავთულხლართების მიღმა, რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების საერთო საცხოვრებელია.