logo

ისინი, ვინც დაივიწყეს

ავტორები: ლოლიტა გოგოხია, გურამ მაქაცარია

ირაკლი 4 წლის იყო, როდესაც მშობლებთან და უფროს დასთან ერთად სამოქლაქო ომში გახვეული საქართველოდან რუსეთში გაიქცა. განდევნას მოჰყვა ახალ საზოგადოებაში ინტეგრაციის სირთულეები. ეს სტატია ნათელს ჰფენს ქართული დიასპორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის- დევნილების ცხოვრებას. გვიჩვენებს მისი ერთ-ერთი წევრის თვალით დანახულ სირთულეებს.

უკვე თითქმის 30 წელია, რაც ირაკლი რუსეთის ქალაქ კურსკში ცხოვრობს. მისი ოჯახი, რომელიც 4 წევრისგან შედგება, დანარჩენი 200 ათასი ქართველის მსგავსად, 1993 წელს განდევნეს აფხაზეთის რეგიონიდან. მამამისი, ნაური, მეზღვაური იყო, შორ მანძილებზე დაცურავდა და მრავალი ქვეყანა ჰქონდა ნანახი. ხოლო დედა, ნონა, გალის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარების ექიმად მუშაობდა.

diary-image


ირაკლი 4 წლამდე გალში ცხოვრობდა - აღმოსავლეთ აფხაზეთის პატარა ქალაქში, სამურზაყანოს ისტორიულ ოლქში. ქალაქი ცნობილია თავისი თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და წყალსაცავით, რომელიც მდებარეობს ულამაზესი მთის, სატანჯოს ძირში. ირაკლისთვის გალი ერთ-ერთ ყველაზე თბილ და ნათელ მოგონებასთან - პირველ თოვლთან ასოცირდება.

„მახსოვს დღე, როდესაც პირველი თოვლი მოვიდა. ალბათ სამი წლის ვიქნებოდი. მახსოვს, როგორ გამოიტანა მამამ ციგა, მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა იყო ან რისთვის იყო საჭირო. თოვლი მხოლოდ ერთი დღე იდო. ძალიან მალე დადნა, თუმცა მახსოვს, როგორ დავრბოდით თოვლში გახდილები და როგორ გვეჩხუბებოდნენ უფროსები. ალბათ ეს არის ზუსტად ის, რაც არ ამოდის ჩემი გონებიდან“, - ყვება ირაკლი.

ირაკლის ბავშვობა ბედნიერად ახსენდება. უდარდელი დრო, როდესაც ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა. ის საბავშვო ბაღში დადიოდა, უფროსი და კი სკოლაში. თუმცა ერთ დღეს ეს ყველაფერი დასრულდა.

1992 წლის აგვისტოში, აფხაზეთში სამოქალაქო ომი დაიწყო. საომარი მოქმედებების შედეგად, რომელიც 1 წელი და 2 თვე გაგრძელდა, 1993 წელს რეგიონის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, ძირითადად ქართველებს, საკუთარი სახლების დატოვება მოუწიათ. ომმა არც პატარა ირაკლის ოჯახს აუარა გვერდი. ისინი სოხუმში წავიდნენ, სადაც თავის რიგს ელოდნენ ბორანზე ასასვლელად, რომელიც მათ რუსეთში გადაიყვანდა.

„მახსოვს, ზღვასთან ვიყავით. ბევრი ბორანი იდგა. ჩვენც გემს ველოდებოდით. ხალხი ბორნებისკენ მიიწევდა. ბევრს არ უშვებდნენ, ბორტზე ადგილები არ ყოფნიდათ. ძალიან კარგად მახსოვს, რადგან გარშემო პანიკა სუფევდა“, - იხსენებს ირაკლი.

უცნობია, თუ რამდენმა დევნილმა უშველა თავს ზღვით. ქალაქი გარშემორტყმული იყო უნომრო სამხედრო კატერებით. ხალხი წინ მიიიწევდა და იბრძოდა ნავმისადგომთან ადგილის მოსაპოვებლად"Jakhaia, G. The last day of Sukhumi // cyxymu.info. – 2017. – Blog. – URL: https://www.cyxymu.info/2017/09/posledniy-den-Sukhumi.html"×, ზოგს რიგმა მოუწია, ზოგი კი სამუდამოდ დარჩა ცეცხლმოდებულ სოხუმში.

diary-image

„ძალიად დიდხანს მივცურავდით, საშინლად ცხელოდა. ქალები და მოხუცები ერთ მხარეს დასვეს, მამაკაცები მეორე , ბავშვები კი ზედა გემბანზე იყვნენ. ჩამოსვლისას მატარებლებში გადავნაწილდით. ზოგი მოსკოვისკენ გაემგზავრა, სადაც ნათესავები ჰყავა, ზოგი კი , როგორც ჩვენ, სანკტ-პეტერბურგისკენ. იქ, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ცხოვრობდა მამაჩემის ძმა. თან მხოლოდ მცირე რაოდენობის ნივთები და პასპორტები გვქონდა“, - გვიყვება ირაკლი.

ირაკლი იხსენებს, რომ არჩევანი მის ოჯახს არ ქონდა. “ გავიქეცით იქეთ, სადაც ნათესავები გვეგულებოდა”. საქართველოში კი ზვიად გამსახურდიას მომხრეებისა და ოპოზიციის დაპირისპირება გრძელდებოდა. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძინვარებდა და „ის, რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა ჩვენთვის გაუგებარი იყო, ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი რეგიონებს არ შეეხებოდა. საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ბიძამ გვირჩია პეტერბურგში წავსულიყავით, რადგან იქ არც ომი იყო და სიტუაციაც სტაბილური იყო.

diary-image


სანკტ-პეტერპურგი, ისევე როგორც მოსკოვი, უამრავი დევნილისთვის თავშესაფარი გახდა. ადგილობრივი ქართული საზოგადოება „ივერია“, 1989 წელს შეიქმნა, აღნიშნულ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე. მათი დახმარებით იძულებით გადაადგილებული პირები ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდნენ. დახმარება საქართველოშიც იგზავნებოდა. ჩრდილოეთ დედაქალაქში კი გაიხსნა ქართული სკოლა, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები სწავლობდნენKakabadze, B. 2000. Chronicles of the activities of the Georgian community «Iveria» in St. Petersburg. Northern Iveria, St. Petersburg. P. 10-11×.

„სანკტ-პეტერბურგში დაახლოებით ორი წელი დავყავით. მამამ მუშაობა დაიწყო, თუმცა ხვდებოდა, რომ ნათესავებთან დიდხანს ვერ გავჩერდებოდით, ამიტომ ვიქირავეთ ბინა. შემდეგ მამამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ კურსკში უნდა გადავსულიყავით. კურსკის ოლქში აფხაზეთიდან ბევრი ნაცნობი აღმოგვაჩნდა. ბედისწერამ აქ კვლავ შეგვახვედრა ერთმანეთს“, - იხსენებს ირაკლი.

1993 წელს თითქმის ყველა ქართველმა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდა, აფხაზეთი დატოვა. მათი უმეტესობა საქართველოს სხვა რეგიონებში გადავიდა, სიდიდით მეორე ჯგუფი კი რუსეთში. კურსკი, რომელიც მოსკოვიდან 500 კილომეტრში მდებარეობს, არ იყო ყველაზე პოპულარული ადგილი ლტოლვილთა მიგრაციისთვის. თუმცა, ირაკლის თქმით, „აქ ბევრი ქართველი ლტოლვილია. დაახლოებით 100-150 კაცი. სოხუმიდან და სხვა რაიონებიდან. არიან ასევე ისინიც, ვინც ადგილობრივ საზოგადოებას შეუქცევადად შეერწყა... „. ერთმანეთთან კავშირი არ აყრევინებდა დევნილებს ფარ-ხმალს, ხოლო გულისხმიერი ადამიანები მათ ახალ გარემოში დამკვიდრებაში ეხმარებოდნენ. ინტეგრაციის გზაზე, ირაკლის ოჯახისთვის, ერთ-ერთ დაბრკოლებად რეგისტრაციის გაფორმება იქცა.

„ჩვენ ვხვდებოდით, რომ გასაკეთებელი იყო საბუთები, მოქალაქეობა. რა თქმა უნდა ეს რთული იყო. გაგვიმართლა, რომ გვერდით კეთილი ხალხი გვყავდა. ყველას ესმოდა ჩვენი მდგომარეობა და ყველა ცდილობა დახმარებას. მოქალაქეობა მხოლოდ 1997 წელს მივიღეთ. მთელი ამ დროის განმავლობაში საბუთებს ვამზადებდით და ჩაწერის ადგილის ვეძებდით, რადგან ჩვენ საკუთრებაში არაფერი გაგვაჩნდა. ბევრი დღემდე საბუთების გარეშე ცხოვრობს“, - ამბობს ირაკლი.

„სამოქალაქო დახმარების” კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთში ამჟამად საქართველოდან რამდენიმე ათეული ათასი ლტოლვილი ცხოვრობს The position of Abkhazian refugees in the Russian Federation // Committee «Civil Assistance», [website]. – 2010. – URL: https://refugee.ru/news/polozhenie-bezhentsev-iz-abhazii-v-rossijskoj-federatsii/"×. დევნილის სტატუსის ან დროებითი თავშესაფარის სტატუსის მიღება საკმაოდ რთულია. ბევრი დღემდე რჩება მოქალაქეობის არმქონე პირად ან ვადაგასულ საბუთებს ფლობს. შესაბამისად, ისინი მოკლებულნი არიან ძირითად უფლებებს, მათ შორის უფასო სამედიცინო დახმარებას ან ოფიციალური დასაქმების შესაძლებლობას. რუსეთში ლტოლვილთა მწირი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი არის გაუჟღერებელი პოლიტიკური დამოკიდებულება, გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის შესახებ On the simulation of the Asylum Institute in Russia: Statistics for 2020 and its brief analytics // Committee «Civil Assistance», - 2021×. სხვა გადასახლებულთა მსგავსად, ირაკლის ოჯახსაც არ მიუღია აღნიშნული სტატუსი.

„არანაირი სტატუსი ჩვენთვის არ მოუნიჭებიათ. უბრალოდ ერთმა ნაცნობმა დროებით ჯერ ტულას ოლქში, ხოლო შემდეგ კურსკში ჩაგვწერა. მოგვიანებით მამას ნაცნობმა მუდმივი ბინადრობის საბუთი გაგვიკეთა. მამა ყველა განყოფილებაში დადიოდა, კონტაქტებს ამყარებდა, რათა საბუთებთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა“.

2006 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის მწვავე პოლიტიკური დაძაბულობის დროს, ბევრი დევნილი იქნა დეპორტირებული, მათ შორის ისინიც კი, ვინც საბუთების მიღება მოახერხა. უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოს 2300-ზე მეტი მოქალაქე გააძევესAnti-Georgian campaign: targeted detentions and expulsion of Georgians by the Russian authorities // Human Rights Watch, – 2007.×. ქართველების მასობრივ გაძევებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთ-ერთი მათგანი, თენგიზ ტოგონიძე, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში გარდაიცვალა - მას ასთმის შეტევა დაემართა და დროულად დახმარება არ აღმოუჩინეს.

The death of a Georgian citizen at the airport is «an unprecedented case». Radio Liberty, 2006: https://www.svoboda.org/a/267883.html×
„ბევრი დეპორტაცია იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან, კურსკში. გასაკვირია, მაგრამ ზოგმა სცადა დაბრუნება და ბევრმა შეძლო კიდეც. რადგან ეს პროვინციაა, აქ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია, ყველა ერთმანეთს იცნობს და შეიძლება ბევრ რამეზე მოლაპარაკება. ალბათ ზუსტად ამის გამო ხალხი არ ცდილობს დიდი ქალაქებში გადასვლას“, - ამბობს ირაკლი.

diary-image


ირაკლის თქმით, მას ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია თითქმის არ შეხებია, თუმცა თავიდან ოჯახი გაუცხოვებას განიცდიდა, კერძოდ ენობრივი ადაპტაციის კუთხით.

„მახსოვს, როცა პეტერბურგში ვცხოვრობდით გარეთ არ გავდიოდი, სხვა ბავშვებს არ ვეთამაშებოდი. სახლში მხოლოდ ქართულად ვსაუბრობდი. მერე, უკვე როდესაც კურსკში ბაღში წავედი, სიტუაცია შეიცვალა. პეტერბურგში რთული იყო. ბაღში დიდი ხანი ვინარჩუნებდი დუმილს, არავის ველაპარაკებოდი. ორი თვე უბრალოდ ჩუმად ვიყავი. დედამ მომიყვა. მერე კი აქცენტის გარეშე ავლაპარაკდი. არ ვიცი როგორ, მაგრამ გამომივიდა. კარგად მახსოვს, რუსული ენის კარნახში ჩემ დას ერთიანი დაუწერეს. არასდროს დამავიწყდება როგორ განიცადა. ტიროდა. ძალიან ცუდად დაწერა ის კარნახი, თუმცა საბოლოოდ სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტი კი წითელი დიპლომით. მოგვიანებით ის სკოლაში მაგალითად მოყავდათ. ჩემთვის ის ყოველთვის მისაბაძი იყო“, - იხსენებს ირაკლი.

ირაკლიმ მის მიმართ არაერთაზროვანი დამოკიდებულების სხვა შემთხვევებზეც ისაუბრა. მაგალითად, როცა 2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, უნივერსიტეტის პედაგოგმა იგი ერთ-ერთი მხარის არჩევის მდგომარეობაში ჩააყენა.

„ისტორიის გაკვეთილი გვქონდა. მასწავლებელმა მკითხა ვის მხარეს ვიყავი. მე ვუპასუხე, რომ ომი - ყოველთვის ტკივილია, როგორიც არ უნდა იყოს და ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს. მე გავექეცი ომს და მეცოდებოდა ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩემთვის ეს ტკივილია“ - ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანი წლები რუსეთში ქსენოფობიის და მათ შორის ქართველოფობიისBiased, suspicious, hostile attitude towards ethnic Georgians, Georgia, Georgian language; a type of xenophobia.× ზრდის პერიოდი იყო, ირაკლიმ დაძლია ადაპტაციის სირთულეები, როგორც სკოლაში, ისე უნივერსიტეტში. მას ერთნაირად იღებდნენ ყველგან - ინტერესით და თანაგრძნობით. თუმცა ზოგ ქართველს, თემურ ქარჩავას (2006) და ილია ჯაფარიძეს (2011), ნაკლებად გაუმართლათ. ისინი ნეონაცისტებმა მოკლესThe murder of Timur Kacharava is «an unprecedented case». RIA Novosti, 2015: https://ria.ru/20151113/1318654360.html× .

2010 წლის მონაცემებით, რუსეთში 157 803 ქართველი ცხოვრობდაRussian census 2010. National composition of the population of the Russian Federation // Federal State Statistics Service, - 2010.×. როგორც უმცირესობა, ისინი კონცენტრირებულნი არიან ქვეყნის დიდ ქალაქებში. ირაკლის თემი არ არის მრავალრიცხოვანი - დაახლოებით 800 ადამიანი კურსკის რეგიონის მილიონზე მეტი მოსახლეობიდანResults of the Russian census of 2010 in relation to the demographic and socio-economic characteristics of definite nationalities // Federal State Statistics Service, - 2010.×. კურსკთან არის შჩეტინსკის სასაფლაო, მის ერთ-ერთ მონაკვეთში მხოლოდ ქართველებს კრძალავენ.

„ჩვენ პატარა თემი გვაქვს. ვცდილობთ რაღაც საკითხები ადგილობრივ დონეზე მოვაგვაროთ. ზოგი ცდილობს ბავშვები კულტურასთან დაახლოვოს, ასწავლოს ქართული, ერთმანეთს ვეხმარებით. გვაქვს ეკლესია [რუსული მართლმადიდებლური]სადაც ხშირად დავდივართ“.

ქართული დიასპორისთვის, როგორც სხვებისთვის რუსეთში, ასიმილაციის პრობლემა საკმაოდ მკვეთრად დგას. მიუხედავათ იმისა, რომ ქართველები რუსეთის ბევრ ქალაქში ცხოვრობენ, თემი ყველგან არ ფუნქციონირებს. ირაკლის თემში, მოსკოვისა ან სანკტ-პეტერბურგისგან განსხვავებით, არ არის სასულიერო ცენტრი - ქართული ეკლესია. მისი თქმით, დროთა განმავლობაში ქართველები ითავისებენ ადგილობრივი საზოგადოების ნორმებს და შეუქცევადად ერწყმიან მას.

„ქართველები არ არიან აქტიურნი ერთმანეთთან ურთიერთობის კუთხით, არ სურთ ერთმანეთის გაცნობა. თანასოფლელებიც კი არ ისწრაფიან ერთმანეთისკენ. იმალებიან, თითქოს თავს არიდებენ კომუნიკაციას. ალბათ ყველაფერი აწყობთ, მოსწონთ რუსებთან ცხოვრება, ეჩვევიან. მე თუ ქართული გვარი ან სახელი შემხვდა, ვცდილობ გავარკვიო ვინ არის, საიდან, სტუმრად ვეპატიჟები, დახმარებას ვთავაზობ “.

ირაკლი იხსენებს, რომ ადრე პოკროვის ღვთისმშობლის ტაძარში ფუნქციონირებდა სკოლა, სადაც დადიოდა და სადაც ქართულს ასწავლიდნენ. არსებობდა ქართული ცეკვების ანსამბლი „იმედი“, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები მეცადინეობდნენ. თუმცა 2010-2011 წლებში დაიშალა. ანსამბლის მეშვეობით თემის წევრები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებდნენ., ბავშვები კი ეცნობოდნენ მშობლიურ ენას და კულტურას. ირაკლის აზრით თემის დაშლა დაბალმა ჩართულობამ და სუსტმა ერთობამ. ახლა თანამემამულეები ერთმანეთს ძირითადად რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ქართულ რესტორნებში, ქორწილებში და დაკრძალვებზე ხვდებიან.

„ერთობა გვაკლია. თაობათა კავშირი დროთა განმავლობაში ქრება. შესაძლოა, მშობლებმა სრულყოფილად ვერ აუხსნეს ბავშვებს ყველაფერი, ამიტომ ახალგაზრდებს არ უნდათ შავი გედი იყვნენ და ერწყმიან ადგილობრივ საზოგადოებას. ამაზე მუშაობაა საჭირო. მშობლები ყოველთვის ვერ გადასცემენ შვილებს საკუთარი ეთნიკური ჯგუფისადმი მიჯაჭვულობას“.

სანამ ირაკლი რუსეთში იზრდებოდა, მისი სამშობლო - აფხაზეთი - მისთვის მიუწვდომელი რჩებოდა. სამოქალაქო ომამდე გალი თვალწარმტაცი ადგილი იყო, მშვიდი ცხოვრებით, დღეს კი ქალაქ-მოჩვენებად არის ქცეული. ისევ ფუნქციონირებს ენგურ ჰესი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ელექტროენერგიით ამარაგებს. თუმცა ირაკლისთვის მშობლიური ადგილების მონახულება პრობლემურია - საშვის მიღება ყოველთვის ვერ ხერხდება.

„აფხაზეთში შეზღუვები მოქმედებს, საშვების სახით. ამიტომ ძალიან ბევრ ნათესავს საერთოდ არ შეუძლია აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხვედრა. ჩვენ ბევრი ვეცადეთ. თავდაპირველი პრობლემა საბუთების აღდგენა იყო, ვინაიდან ჩვენი სახლი უკვე უპატრონოდ ითვლებოდა. დღემდე ბევრია ასეთი სახლია. გაგვიმართლა, რომ შესვლის უფლება მაინც მოგვცეს. ნელ-ნელა დავიწყეთ სახლის აღდგენა, რომელიც 27 წელი მიტოვებული იყო. აღარ დაგხვდა სახურავი და ფანჯრები, ელექტროგაყვანილობაც კი ამოგლეჯილი იყო კედლებიდან. ხალხი არაფერს ტოვებდა, ყველაფერი გაქონდათ. თითქმის ნულიდან დავიწყეთ მშენებლობა. თითქოს სული დარჩენას გთხოვს, მაგრამ შენი სული ხომ იქ არის, სადაც ახლა შენი ოჯახია“, - გვიზიარებს ის.

წარსული ცხოვრებიდან შემორჩენილმა ნივთებმა, რომლებიც მან 12 წლის შემდეგ, მშობლიურ სახლში ნახა, ომი გაახსენეს, რომელმაც მას ბავშვობა წაართვა.

„ჩვენ სახლში, რომლის მშენებლობის დასრულება ომის გამო ვერ მოვახერხეთ, პირველად 2006 წელს მოვხვდი. იქ ერთი სამახსოვრო ნივთი ვიპოვე. პედლიანი სათამაშო -მწვანე „მოსკვიჩი“. სახლის წინ პატარა სავაჭრო ჯიხური იდგა, იქ ხშირად ვყიდულობდი ან უბრალოდ ვთხოვდი შუშის კოკა-კოლის ბოთლებს, რომლებსაც „მოსკვიჩი“-ს გვერდითა კარეში ვალაგებდი. სწორედ ეს პედლიანი მანქანა ვიპოვე სახლის ქვეშ, მგონი მარანში. ისევ ისეთი მწვანე იყო, მაგრამ ჟანგიანი, დამტვრეული, აღარაც ბორბლები, საჭე და სავარძელი ჰქონდა. მაგრამ როცა კარი გავაღე კოკა-კოლის ბოთლები დავინახე. ამოვიყვანე ჩემი „მოსკვიჩი“ , უბრალოდ ვიდექი და ვტიროდი. ბეტონის ბილიკს, რომელიც მამამ დაასხა, ისევ ეტყობოდა ჩვენი ძაღლის, დოტას, ნაკვალევი, რომელიც სველ ბილიკზე სირბილისას დატოვა“- იხსენებს ირაკლი.

ბევრმა ომისგან და დევნისგან გაქცეულმა ოჯახმა მშობლიურ სახლებში არამხოლოდ პირადი ნივთები, არამედ მთელი ცხოვრება დატოვა. ბევრი დღემდე სამშობლოზე მოგონებებით ცხოვრობს, მხოლოდ ერთეულები ბედავენ დაბრუნებას, ვინაიდან მდგომარეობა რეგიონში მძიმეა.

«ომის შემდეგ პირველად 2006 წელს ჩამოვედით. გარეუბნებში ისევ ისროდნენ და ძარცვავდნენ. ბებიასთან სოფელში წავედი. სახიფათო სიტუაცია იყო. მაგალითად, ძარცავდნენ თხილის შემოგროვებლებს. მეზიზღებოდა ის, რომ თხილის გამო ვიღაცას სახლში იარაღით უვარდებოდნენ და ძარცვავდნენ. მის მერე დიდხანს აღარ ჩავდიოდი. 2009 წელს დასთან ერთად ისევ წავედი ბებიას მოსანახულებლად. წინასწარ გაგვიმზადეს დროებითი საშვი. იქ მითითებულია თუ რამდენი ხანი შეგიძლია დარჩე აფხაზეთის ტერიტორიაზე. წინასწარ თუ მოემზადებოდი ამ საბუთს საზღვარზე გახვედრებდნენ ან ნათესავები გადმოგცემდნენ. საზღვარზე იყო დაკითხვები, თუმცა არა მკაცრი. ბევრი ცდილობს აფხაზეთში „შავი გზებით“ შეღწევას, მზად არიან გადაიხადონ უზარმაზარი თანხები, უბრალოდ ახლობლების საფლავების მოსანახულებლად და ამაზეც კი უარს ეუბნებიან. ვიცი ასეთი შემთხვევები. გვარს როცა ხედავენ ინტერესდებიან ვინ ვართ, რა მიზნით მივდივართ, ვინ არიან ჩვენი ნათესავები და ა.შ. ბოლოს, ორი წლის წინ მივდიოდი და ვფიქრობდი „როდემდე უნდა მეშინოდეს, როდემდე უნდა ვიდარდო. 21 საუკუნეა, ნუთუ მომკლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი ვარ? თითქოს ხომ მშვიდობიანი დროა“. მუდმივად იქ ცხოვრება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ დროებით მაინც“, -იხსენებს ირაკლი.

diary-image

ცხოვრება მიყვება თავის რიტმს, დაბრუნების სურვილი კი არ ქრება. კვლევების მიხედვით, აფხაზეთში 45 000-მდე ეთნიკური ქართველი დაბრუნდაThe position of internally displaced persons and refugees from Abkhazia, Georgia, and the Tskhinvali region // Report of the Secretary General, UNGA - 2021.×. რამდენი დიასპორიდან - საკამათო საკითხია.

„ქვეცნობიერად გინდა დაბრუნდე და იცხოვრო, წყნარად და მშვიდად, მაგრამ ეს უკვე სხვა საზოგადოებაა, წარსულს ვერ დააბრუნებ. სტაბილურობა არ არის, ყველაფერი გაურკვეველია, არაფერი ვითარდება და ამ ყველაფრის შემყურეს უბრალოდ ტირილი გინდება. რა თქმა უნდა, რაც წლები მემატება უფროდაუფრო მინდება დაბრუნება, მაგრამ ვხვდები, რომ იქ ვეღარ ვიცხოვრებ. არ არის ღირსეულად არსებობის პირობები, სჯობს უბრალოდ ჩახვიდე, დაისვენო და წამოხვიდე. დაბრუნებულს კი ისევ გენატრება ნათესავები, მშობლიური სახლი, მიწა. იქ დღემდე 90-იანებია. ნებისმიერი საკითხი წყდება ასე: ჩხუბობენ, იკრიბებიან, ისვრიან“, - გვიზიარებს ირაკლი.

ირაკლი არ კარგავს დაბრუნების იმედს. კითხვა, თუ რამდენად რეალურია მისი იმედები, ღიად რჩება.

„ჩემთვის ეს ისტორიული სამშობლოა. ორი წლის წინ საქართველოში რომ ვიყავი იცით რა გრძნობა მქონდა?! რაღაც სიახლოვის, თითქოს მიწაა რაღაც მშობლიურით იყო გაჟღენთილი, მინდოდა ჩავხუტებოდი მიწას, ჩავხუტებოდი ხალხს. ნეტარებას განვიცდიდი საკუთარ სამშობლოში ყოფნით”.

კითხვაზე თუ „ რას ურჩევდი მათ, ვინც შორსაა სახლიდან?“ ირაკლიმ მიპასუხა: „პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ დაივიწყოთ თქვენი სამშობლო, თქვენი ფესვები. გადეცით თაობიდან თაობას. ალბათ, მხოლოდ ეს თუ გადაგვარჩენს. იამაყეთ თქვენი ქართველობით. ეს ჯვარივით უნდა ატაროთ“.