logo

„ომის ჭრილობა ყველას ერთნაირად სტკივა”

ავტორი: საკინა ჰანიმ მამადოვა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ყარაბაღის პირველი ომის სტატისტიკა ასეთია: ორ მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. 2020 წელს განახლებული ომის შედეგად, 40 000-ზე მეტ აზერბაიჯანელს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ მხარეს დევნილების რაოდენობა 90 000-ს აღწევს. კონფლიქტმა დააზარალა, როგორც სომხები, ისე აზერბაიჯანელები. ამ სტატიაში იმ ადამიანებს გაგაცნობთ, რომლებმაც ომი პირადად გამოსცადეს და დღეს მშვიდობას ემხრობიან.

64 წლის კიფაიატ ჰასანოვა აზერბაიჯანელია, თუმცა სომხურ ქალაქ კაფანში დაიბადა 1958 წელს. ბავშვობაც სომეხ თანატოლებთან ერთად გაატარა:

diary-image

„უამრავი სომეხი მეზობელი გვყავდა და მშვიდად ვცხოვრობდით. ხან ვიცინოდით, ხან ვჩხუბობდით. ბაქოში მუშაობა რომ დავიწყე, იქაც ბევრი სომეხი თანამშრომელი მყავდა. მშვენივრად გვესმოდა ერთმანეთის. დღესასწაულებსაც ერთად აღვნიშნავდით და არც გაჭირვებაში ვტოვებდით ერთმანეთს. ახლა რა მახსენდება, იცით? ახალგაზრდობაში დედაჩემის ნაფტალანში წაყვანა მომიწია. ამ ქალაქში ბევრი აზერბაიჯანელი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩადის. იქ ერთი მოხუცი სომეხი ქალი გავიცანით. ქალაქ ურუმიდან იყო. შეკი ხანის სასახლეში ერთად გავისეირნეთ. დედაჩემს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მაშინ გადაღებულ ფოტოს დღემდე ვინახავ.“

კიფაიატის ქმარი, ასიფი 1993 წლის 13 იანვარს ფუზულთან მიმდინარე დაპირისპირებებში დაიღუპა. ამ დღეს ის ასე იხსენებს:

diary-image

„14 იანვრის დილა იყო. სამსახურში ვიყავი. მაშინ ტყავის ქარხანაში ვმუშაობდი. ტელეფონმა დარეკა. ჩემმა თანამშრომელმა უპასუხა. შემომხედა და ტირილი დაიწყო. ტელეფონი გათიშა, მოვიდა და ჩამეხუტა. მითხრა, რომ ასიფი დაჭრილი იყო. გული წამივიდა. გონზე რომ მოვედი, ჩემი უფროსი სახეზე წყალს მასხამდა. არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილების სახე. ბაღიდან ახალი დაბრუნებულები კუთხეში იდგნენ და მამამისის უსიცოცხლო სხეულს შეჰყურებდნენ. ბიჭი მაშინ ხუთი წლის იყო, გოგო სამის. ეს ტრაგედია, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ.“

diary-image


კიფაიატისთვის მთიანი ყარაბაღის ომი უზარმაზარ დანაკარგთან ასოცირდება.. ახლა მას მხოლოდ მშვიდობა სურს:

„ომი ყველა მშობლის და კაცობრიობის ტრაგედიაა. შიშში ცხოვრება ძალიან მძიმეა. ამ ორ სახელმწიფოს შორის ომმა, კონფლიქტის ორივე მხარეს, მხოლოდ ცრემლები, ტკივილი, და მწუხარება დაგვიტოვა. სომხებთან ერთად უპრობლემოდ ვცხოვრობდით...და ამას ისევ შევძლებთ, იმიტომ რომ დიდი გულები გვაქვს. მშვიდობას ვუჭერ მხარს. არ მინდა კონფლიქტმა ჩემი და სხვისი შვილები შეიწიროს. ომი ტრაგედიაა ყველა ოჯახისთვის. ეს სიცოცხლის განახევრებაა ოჯახებისთვის, ზოგიერთისთვის კი სრული განადგურება. რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა ბოლო შეტაკებებში? მათ ხომ ოჯახები ჰყავდათ. დაიღუპნენ და მათი ოჯახებიდან სითბოაც გაქრა.

diary-image


60 წლის ბაჰრუზ ჯამალოვი აზერიბაიჯენალია. ის ყარაბაღის პირველი ომის ვეტერანია. აღდამის რაიონის სოფელ სიიდლიში დაიბადა და 1992 წელს ომის მოხალისეებს შეუერთდა.

„რთული სიტუაცია იყო. იარაღიც არ გვქონდა. წარმოიდგინეთ ყოველ 400-500 კაცზე 100 ერთეული იარაღი მოდიოდა. გადავწყვიტე ომში მოხალისედ წავსულიყავი. სამხედრო აღჭურვილობა , მათ შორის ტყვიების და ფორმა, მე თვითონ ვიყიდე ...ჩემი თაობა ამ ომმა გააუბედურა“.

diary-image


ბაჰრუზმა ყარაბაღის პირველ ომში ორივე ფეხი დაკარგა. ბოლო დაპირისპირებებს კი, მისი უმცროსი ძმა როვშანი, ბიძაშვილები ვაგიფ და ფუად ნაგიევები და აგილ გულიევი ემსხვერპლნენ. ნატიგი, მისი კიდევ ერთი ბიძაშვილი, ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკარგულად ითვლება.


„ომმა კარგი არაფერი მოგვიტანა. ვიტანჯებით. ამ ომმა ჩემი ცხოვრების 30 წელი წამართვა და ფეხების ნაცვლად, პროთეზის ანაბარა დამტოვა. მხოლოდ ღვარძლი და სიბრაზეა ამ ომის შედეგი. ომს კარგი ვისთვის მოუტანია? წარსულში ერთმანეთს არაფერს ვუშავებდით, მშვიდად თანავცხოვრობდით. ჩვენი მეზობლებისთვის არასდროს დაგვირტყამს, იმ ნიშნით რომ სომხები არიან.“



ბაჰრუზი ომის შემდგომ ტრავმასაც ებრძვის.

„სულ მშურდა მათი, ვისაც ერთი ფეხი მაინც აქვთ. ცალი ფეხი მაინც შემრჩენოდა. პროთეზს ერთი წელი ვეგუებოდი. ბოლოს დავნებდი. ვერ ავიტანე. ამ პერიოდში ფსიქიკა სრულად მომერღვა. პროთეზის გასუფთავების უფლებასაც კი არავის ვაძლევდი.“

ბაჰრუზიც მშვიდობის მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ სომხებთან თანაცხოვრების აღდგენაზე ფიქრი ჯერ ადრეა: „მჯერა და მხარს ვუჭერ მშვიდობას, მაგრამ თანაცხოვრება ჯერ ადრეა. არა მგონია, ამას მოვესწრო. მშვიდობა ამ ორ ქვეყანას შორის გარდაუვალია. ომს არ ვემხრობი, იმიტომ რომ არ მინდა ამან თაობები კიდევ შეიწიროს.“

არტურ ვართანიანი სომეხი ფოტოგრაფია. სომხეთში მას არტურ პაპარაცის ფსევდონიმით იცნობენ. სამშობლოში ის 2018 წელს დაბრუნდა. მანამდე ბრიტანეთში ცხოვრებდა. 2020 წელს განახლებულმა დაპირისპირებებმა მისი ბევრი მეგობარი შეიწირა. მათ შორის იყო პანტომიმის თეატრის მსახიობი ჰოვანეს ჰაინიანი. ომში ის მოხალისედ წავიდა. 20 ოქტომბერს 39 წლის ასაკში დაიღუპა.

diary-image


არტური ამბობს, რომ, ჰოვანესის სახით სომხურმა კულტურამ დიდი დანაკარგი განიცადა.

diary-image

არტურს სჯერა, რომ ამ საუკუნეში ომებზე აღარ უნდა ვლაპარაკობდეთ. ეს უმტკივნეული კომუნიკაციის დრო უნდა იყოსო-, ამბობს, თუმცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებების განახლების მაინც ეშინია.

„გულგატეხილობა სუფევს. დედები ერთადერთი ვაჟების გარეშე დარჩნენ, უდანაშაულო, 18-20 წლის ბიჭების გარეშე. მათ ახლა საკუთარ კარიერაზე ან ოჯახზე უნდა ეფიქრათ...დანგრეულ სახლს ახლიდან ააშენებ, მაგრამ ადამიანებს ვერასოდეს დააბრუნებ უკან. ომის ჭრილობა ყველას ერთნაირად სტკივა.“

არტური სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის მშვიდობის მხარდამჭერთა შორის არის:

„მჯერა, რომ სომხებსა და აზერბაიჯანელებს მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. ერთმანეთის მტრები აღარ ვართ. რაც მოხდა, იქვე უნდა დარჩეს. ახალგაზრდებს მორიგი სისხლისღვრა და ომი აღარ სჭირდებათ. 1990-იან წლებამდე, ჩვენ და აზერბაიჯანელები დიდი ოჯახივით ვცხოვრობდით. რა დაგვემართა??? არ მინდა აზერბაიჯანელების მეშინოდეს. არც ის მინდა, რომ ისინი მძულდეს.“