ENG

GE

AZ ARM
დევნილობის ისტორიები:
როგორ განსაზღვრა ათწლეულების კონფილქტებმა ადამიანების ბედი

შენობები ხშირად უტყვი მოწმეები არიან იმ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენებისა, რომლებიც მათ გარშემო ხდება. თბილისში ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი ამის კარგი მაგალითია.
ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში შენობა ფუნქციონირებდა, როგორც პროფესიული ტექნიკუმი, არქიტექტურული ძეგლი და დროებითი თავშესაფარი 1991-1992 წლებში აფხაზეთიდან დევნილი 65 ოჯახისთვის ისევე, როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ცხინვალის რეგიონიდან იძულებით წამოსული ადამიანებისთვის.
შენობა მარშალ გელოვანის 4 ნომერში მდებარეობს. პროექტის ავტორი არქიტექტორი ნიკოლოზ ლასარეიშვილია. მშენებლობა 1978 წელს დასრულდა. შენობის სტილი კონსტრუქტივიზმსა და ლათინო-ამერიკულ მოდერნიზმიდან იღებს სათავეს.
“ნიკოლოზ ლასარეიშვილმა ფერების ისეთი პალიტრა შეარჩია, რომელიც ტექნიკუმის მიმდებარე რელიეფს ბუნებრივად შეერწყა. ლანდშაფტი და არქიტექტურა ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყო.” - გვეუბნება არქიტექტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის ლექტორი, ლევან კალანდარიშვილი.
“მაშინდელ არქიტექტორებს არ შეეძლოთ სტანდარტული ტიპიზაციის მიღმა, რამე უნიკალური შეექმნათ. თუმცა, შესანიშნავი სიმეტრიითა და პროპორციებით, ეს შენობა ნამდვილად გამორჩეულია. ფანჯრებიც იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ არქიტექტურას ზუსტად გამოხატავს. არაფერია გადაჭარბებული.”
თავდაპირველად, ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმი ხუთ ძირითად განყოფილებას აერთიანებდა: მთავარი შენობა, რომელშიც სასწავლო ოთახები და ადმინისტრაციული ოფისები იყო; აუდიტორია და ცენტრალური ტერასა, რომლის გარე ფასადსაც ზურაბ წერეთლის ბარელიეფი ამშვენებდა; სახელოსნო და რეკრეაციული ზონა, რომელიც სავარჯიშო დარბაზსაც მოიცავდა; ხიდი, რომელიც მთავარ შენობასა და ინდუსტრიულ კორპუსს ერთმანეთთან აკავშირებდა; ტექნიკუმის უკან, ცოტა მოშორებით, გორაზე მდგარი 16-სართულიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.

ტექნიკუმი, რომელიც საბურთალოსა და დიღმის რაიონებს შორის არის მოქცეული, დანარჩენი ქალაქისგან თითქოს იზოლირებულია. წლების განმავლობაში, ერთადერთი, რასაც მასიური მწვანე საფარიდან გამოარჩევდი, ზურაბ წერეთლის ბარელიეფი იყო, რომელიც შენობის ფასადს 2018 წლამდე ამშვენებდა.
საბჭოთა პერიოდში ამ შენობაში ტექნიკუმი იყო, რომელსაც მომავალი მასწავლებლები უნდა აღეზარდა. კვალიფიციური კადრები უნდა მოემზადებინა სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის, სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, ლითონების ჭრის დამუშავების, სამრეწველო მოწყობილობის მონტაჟისა და შეკეთების მიმართულებით. სტატიაში “ინდუსტრიული პედაგოგიური ტექნიკუმის პარტიული ცხოვრება,” რომელიც გამოცემა თბილისის 1978 წლის ნომერში დაიბეჭდა, ვკითხულობთ, რომ ტექნიკუმში 570 ახალგაზრდა სწავლობდა.

story

ქანდაკების მთავარი მახასიათებელი იყო მამაკაცის ფიგურა ოქროსფერი ღამურის მსგავსი ფრთებით, რომელიც სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებით იყურებოდა.
ამ ფრთების გამო, ბარელიეფი ადგილობრივებისთვის “თბილისის ბეტმენის” სახელითაც იყო ცნობილი. ამის მიუხედავად, გამვლელების უმეტესობას წარმოდგენა არ ჰქონდა, ფასადის მიღმა რა სივრცე იყო.
დღეს ინდუსტრიულ პედაგოგიურ ტექნიკუმს რამდენიმე ფუნქცია აქვს შეთავსებული. იქ მცხოვრებ ხალხს ერთმანეთთან კომუნიკაცია თითქმის არ აქვს, რაც შენობის შიგნით და გარეთ ქაოსს ქმნის.
აქ მცხოვრები დევნილი ოჯახები მუდმივ გაურკვევლობაში არიან. მთავრობა მათ შენობაში ცხოვრების ნებას რთავს, თუმცა საცხოვრებლად გადაკეთებული ეს სასწავლო ოთახები მათი საკუთრება არ არის. არაერთხელ სცადეს პრივატიზაცია, მაგრამ უშედეგოდ. ეს მცდელობები მაინც აიმედებთ, რომ აქ დროებით არიან, თუმცა ლოდინი უკვე 30 წელია გრძელდება. შენობის "დე ფაქტო მცხოვრებლებს” სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და საკუთრების უფლებების არქონის გამო, უჭირთ შეცვალონ ან გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. შენობა ამჟამად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბალანსზეა. ამავე შენობაშია კოლეჯი “იკარუსი”, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
შენობის ფასადიც მიგვანიშნებს, რომ ის ერთდროულად მრავალ ფუნქციას ითავსებს. კოლეჯის ფანჯრებს თანამედროვე, იზოლირებული პლასტმასის ჩარჩოებით გამოარჩევ. დევნილთა დასახლებას კი წინა მხარეს თავდაპირველად არსებული ალუმუნის ფანჯრები, ხოლო უკანა მხარეს, ძველი ხის ფანჯრები აქვს. დევნილებმა შენობას ახალი, არაფორმალური შესასვლელებიც გაუკეთეს.