ENG

GE

AZ ARM

პროექტის სანახავად გთხოვთ ეწვიეთ ჩვენი ვებგვერდის desktop ვერსიას.

დევნილობის ისტორიები:
როგორ განსაზღვრა ათწლეულების კონფილქტებმა ადამიანების ბედი

2006 წელს ნინო გურასპიშვილმა 1500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისში, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის უბნებს შორის მდებარე ფერდობზე იყიდა. ოთხი შვილის დედა მაშინ პატარა ბინაში ცხოვრობდა, ამიტომ ოჯახმა ცოტა დიდი სახლის აშენება სწრაფად განვითარებად უბანში გადაწყვიტა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 15 წლის მერეც კამათი და პრეტენზიები ამ მთის ფერდობზე არ დასრულდებოდა. ნინო ისევ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს, ხოლო მიწის ნაკვეთი, რომელზეც ის საკუთარ სახლს წარმოიდგენდა, დევნილების გარდაცვლილი ნათესავების სახლად გადაიქცა. ამ უცნაურმა შემთხვევამ თბილისში საკუთრების უფლებებზე გააჩინა კითხვები. ეს მთის ფერდობი, სინამდვილეში, დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო სამი ათეული წლის უმართავ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას აირეკლავს.

story

ნინო იხსენებს, როგორ იზრდებოდა სასაფლაოების რაოდენობა და ნელ-ნელა როგორ უახლოვდებოდა თავის მიწას. პირველი რაც გაიფიქრა, ბეტონის კედლის აშენება იყო, თუმცა, არ გამოვიდა. “ ერთი წლის შემდეგ როცა დავბრუნდი, კედელი დანგრეული დამხვდა და ჩემს ტერიტორიაზე 30 ახალი საფლავი.”
ვისაც კი დაელაპარაკა, ყველამ ამ საქმის სასამართლოში წაღება ურჩია. მაგრამ, ნინომ სასამართლოს ხარჯები ვერ გადაიხადა. ბოლოს კი, ამ მიწის სასაფლაოდ დარეგისტრირება სცადა. ფიქრობდა, რომ თუკი მომავალში კომერციული მიწის ნაკვეთად გაყიდდა, საწყისი ინვესტიციიდან ნაწილს მაინც დაიბრუნებდა. ამ მოთხოვნაზე კატეგორიული უარი მიიღო. ქალაქის მერიამ მას ამ ტერიტორიის რეკრეაციული ზონის სტატუსი შეახსენა. სასაფლაოს მოწყობაც მის მიწაზე უკანონო იყო, თუმცა, ის მაინც აშენდა.
ნინო გვეუბნება, რომ ამ ამბავზე პასუხისმგებლობა არავის აუღია: არც პოლიციას, არც სახელმწიფოს, არც მესაფლავეებს. ეს შემთხვევა კიდევ უფრო უცნაურია იმ ფონზე, რომ ამ ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომერციულ სასაფლაოს ახლა ქალაქის ხელისუფლება მართავს.

forsale

“ყველა უწყება ფიქრობს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის და საქმე დახურულია. მე კი მგონია, რომ როცა მოქალაქეს პრობლემა აქვს, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს,” გვეუბნება ნინო. ოთხი შვილი ერთ ოთახში გავზარდე და რატომ, რისთვის? როცა ძლივს შესაძლებლობა მომეცა, ჩემს შვილებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები შევუქმნა და სახლი ავაშენო, დევნილებმა ამის საშუალება არ მომცეს. ამიტომ არ მესმის, მე რატომ უნდა ვიზრუნო მათ გადარჩენაზე?!”
10 წელზე მეტი გავიდა და გამოსავალი ისევ არ ჩანს: ქალაქი არ ცნობს სასაფლაოს, ნინო სახლს ვერ აშენებს და ოჯახები, რომლებმაც საყვარელი ადამიანები ამ მიწაზე დაკრძალეს, გაურკვევლობაში ცხოვრებას განაგრძობენ.
****
ამ გაუგებრობაში რომ გავერკვეთ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ათწლეულში, 90-იანებში უნდა დავბრუნდეთ. ამ პერიოდში სამოქალაქო ომი და სოციალური კოლაფსი იყო. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან უამრავი დევნილი მივიღეთ. სოციალური დახმარება ძალიან მწირი იყო, ამიტომ დევნილები იძულებულები იყვნენ გრძელვადიანი საცხოვრებლისთვის შეუფერებელ შენობებში შესულიყვნენ. კონფლიქტით, უკანონობით და კორუფციით განადგურებულ მთავრობას პრაქტიკულად რესურსი არ ჰქონდა დევნილებისთვის. ისინი, ძირითადად, საკუთარ თავზე იყვნენ დამოკიდებულები.
ბევრმა მათგანმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სახლები ძალიან სწრაფად დატოვეს იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. გარდა იმისა, რომ მათ დაკარგეს სახლები, მიწა და ქონება, იძულებულები გახდნენ წინაპრების საფლავებიც დაეტოვებინათ. დევნილები, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, მართლმადიდებლები არიან და მიწა მათთვის წმინდაა.
რელიგია გვეუბნება, რომ მიცვალებულები მიწას უნდა მივაბაროთ. ამასთან ერთად, მართლმადიდებლურ კალენდარში ბევრი მნიშვნელოვანი დღეა მონიშნული, როცა საფლავზე გასვლა აუცილებელია. მაგალითად, აღდგომის დღეებში. მიცვალებულებს ამით პატივს მიაგებენ.

story

“საფლავები მიწასთან შერწყმის მანიშნებელია,” წერს მკვლევარი ნანა ჭაბუკიანი აკადემიურ სტატიაში, “წინაპართა თაყვანისცემა და დარღვეული უწყვეტობა დევნილთა შორის საქართველოში.”
“ნიადაგი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მომავლის წყაროა. ადამიანები ნიადაგიდან იქმნებიან და ის ამავე დროს, წარსულის სახეც არის. წინაპრები დასაფლავების შემდეგ, ისევ მიწად იქცევიან. იმ ადგილზე დაკრძალვით, სადაც ხალხი მანამდე ცხოვრობდა, ადამიანთა ერთობა შეიძლება შენარჩუნდეს; მაგრამ ამ უწყვეტობას დევნილობა არღვევს. ეს მათ ახალ საცხოვრებელთან შეგუების პროცესსაც ართულებს.”
დევნილთა ყოველდღიურ ცხოვრებაში არა მხოლოდ საკუთარი ადგილის პოვნაა გამოწვევა, მშობლიურ მიწაზე დაკრძალვის შეუძლებლობა მათ შფოთვებს აძლიერებს. “საქართველოში რიტუალების უმრავლესობა სახლსა და სასაფლაოზეა მიბმული,” გვიზიარებს ანთროპოლოგი ქეთი გურჩიანი. “სიკვდილის შემდეგ სხეული სულად იქცევა. მიცვალებული სახლში უნდა მოაბრძანონ, რომ მისი სული სამუდამოდ დარჩეს. მიცვალებულების საფლავებს უვლიან, როგორც სულისა და სხეულის შერწყმის სიმბოლოს.”
“როცა დევნილები თბილისში დასახლდნენ, ისინი არა მხოლოდ მიცვალებულების წინაშე ვერ ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, არამედ პარალელურად, ბრძოლა უწევდათ იმ მიცვალებულებისთვის ეპოვათ მიწა, რომლებიც მოგვიანებით, თბილისში გარდაეცვალათ. ქალაქის სასაფლაოებზე მიწის ნაკვეთები ძალიან ძვირი ღირს, ამიტომ დევნილებმა ხშირად არც იცოდნენ, სად და როგორ დაეკრძალათ ახლობელი. “90-იან წლებში ქაოსი იყო, კორუფცია ყვაოდა, არ არსებობდა კანონის უზენაესობა და სახელმწიფო ინსტიტუტები,”გვეუბნება ურბანისტი ირაკლი ჟვანია. “ხალხი იმას აკეთებდა, რაც უნდოდა, რეგულაციებისა და კანონის გვერდის ავლით. შეიძლება რეგულაციები საერთოდ არც იყო მაშინ.”
სასაფლაოს ძირში ყოფილი ყრუ-მუნჯთა თავშესაფარია. მინიშნებებით მაშინვე მიხვდები მის წარმოშობას: 1993 წლიდან ეს შენობა დევნილთა საცხოვრებლად გადაიქცა. ოლეგ ხაჟომიას ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც აქ დასახლდა. 21 წლის იყო აფხაზეთიდან ბოლო მატარებლით თავის მშობლიურ ქალაქში ოჩამჩირეში რომ გაიქცა და საბოლოოდ, 10-20 დევნილ ოჯახთან ერთად, დროებით საცხოვრებლად გადაკეთებულ თავშესაფარში დასახლდა. ეს ფერდობი თავიდან საერთოდ აუთვისებელი იყო. არც გათბობა იყო და არც ელექტროენერგია. დევნილები მდინარე ლისის მიმდებარე ტყეში შეშას ეძებდნენ გასათობობად.
“საერთოდ არაფერი არ იყო აქ. არც საწოლი, არც ჭურჭელი. არაფერი. ჩვენთან ერთად ჯარი შემოვიდა. ჯარმა როგორც კი დატოვა ტერიტორია, აქ მოსახლეობის ზრდა დაიწყო. ბავშვები იბადებოდნენ. ახლა თავისუფალი ადგილი აღარ არის უკვე,”გვეუბნება ოლეგი.
ოლეგი შენობის შესასვლელში, კიბეებს ეყრდნობა. ხედი პირდაპირ სასაფლაოსკენ იყურება. ყოფილი ყრუ-მუნჯთა თავშესაფარი დღეს 150-მდე დევნილი ოჯახის სახლია. აქ მცხოვრებლებისთვის სიკვიდილი და სიცოცხლე, ფაქტობრივად, თანაარსებობს. სახლების მსგავსად, საფლავების გარშემოც სოციალიზაციის სივრცეა. სტუმრების მისაღებად მაგიდა და სკამები აწყვია. საჭმელი, ყვავილები და ღვინის ჭიქები მიცვალებულებს საჩუქრად რჩებათ.

story

ოლეგის თქმით, პირველი, ვინც მიცვალებული ამ ფერდობზე დაკრძალა, თავშესაფარში ცხოვრობდა. დღეს საფლავის მიწის შესაძენად, შესაბამისი სააგენტოსგან გარდაცვალების ცნობა გჭირდება, ძირითადად, სასწრაფო დახმარების სერვისებისგან. 90-იანი წლების პერიოდში, როცა სახელმწიფო ელემენტარულ სერვისებსაც ვერ სთავაზობდა დევნილებს, გარდაცვალების ცნობას არავინ აკონტროლებდა. როგორც დევნილობის ყველა სხვა გამოცდილება, დაკრძალვის საკითხიც უმართავი და არაორგანიზებული იყო.
ამ დროს დევნილებს სახლში დაბრუნების იმედი თითქოს გადაწურული არ ჰქონდათ. “ვფიქრობდით, რომ დღეს, ან ხვალ გადავასვენებდით,” გვეუბნება ოლეგი. თავიდან ეს სამარხები ისე იყო გაკეთებული, რომ აფხაზეთში დაბრუნების შემთხვევაში, ადვილად გადაგვესვენებინა მიცვალებულები.
დევნილობიდან სამი ათეული წლის შემდეგ, ოლეგი ისევ სახლში დაბრუნებაზე ფიქრობს. აფხაზი მეგობრები მშობლიური ქალაქის ფოტოებსა და ვიდეოებს უგზავნიან. “იქ დრო გაჩერებულია,” გვეუბნება ოლეგი. მიუხედავად ყველაფრისა, თუ საშუალებას მისცემენ, აფხაზეთიდან წინაპრებს თბილისში გადმოასვენებდა. 30 წლის შემდეგ, საფლავების
წინაპრების ექსკუმაცია და ევაკუაცია ოკუპირებულ რეგიონებში დიდ ლოჯისტიკურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმემ გამოსავალი იპოვა. ოლეგი იცნობს ადამიანს, რომლემაც რამდენიმე წლის წინ, დიდი გაჭირვებით, აფხაზეთიდან პატარა ყუთით ხელში თავისი მშობლების ძვლების გადმოტანა შეძლო ვეძისის სასაფლაოზე.
პირველი ადამიანის დაკრძალვის შემდეგ, მეზობლებმა მალევე გაიგეს, რომ ამ ფერდობზე ახლობლების დაკრძალვა შეეძლოთ. როცა ფატიმა დარსალიას სიმამრი გარდაეცვალა, იქ დაასვენეს.
“1999 წელს მიწა თავისუფალი იყო. გვეუბნებოდნენ, მოიტანეთ თქვენი მკვდარი აქო. საშინელი უბანი იყო, ბალახით სავსე, ნაგავში იძირებოდა აქაურობა. ახლა სასწაულია - მემგონი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია ქალაქში,”ამბობს ფატიმა.
აფხაზეთიდან დევნილმა 15 წელი იცხოვრა ნუცუბიძის მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე ნათესავიც იქ დაკრძალა. ახლა პატარა კერძო სახლში ცხოვრობს ქალაქ რუსთავთან ახლოს და შინაურ ცხოველებს ზრდის. ეს სახლი დევნილთა სამინისტროსგან დიდი ბრძოლის შემდეგ მიიღო. 2010 წელს, როცა ნუცუბიძე ახლომდებარე მშენებლობების გამო დაიტბორა, ფატიმა 14 სხვა დევნილ ოჯახთან ერთად 197 დღე ქუჩაში დარჩა. დედამისი უსახლკარობის პერიოდში გარდაიცვალა. ისიც ნუცუბიძის სასაფლაოზე დაკრძალეს. რამდენიმე წლის შემდეგ, მის გარდაცვლილ დედას კიდევ ერთხელ დაემუქრა დევნილობა.
“2010 წელს დავკრძალე დედა, 2014 წელს ჩემი ძმა. ცოტა ხანში მომდის წერილი, სადაც ეს ქალი [ნინო გურასპიშვილი] ამ მიწის მესაკუთრეობაზე მწერს. იქ ხაზია გავლებული და იმ ხაზის ზემოთ კომერციული სასაფლაოებია. ქვემოთ ჩვენი მიწაა. მაშინ მოვიდნენ და ეს ხაზი გვაჩვენეს, გვითხრეს, ამას არ უნდა გასცდეთო. მაგრამ, ქვემოთ ჩვენი იყო. მერე რატომ გაყიდეს? ჩათვალეს, რომ მას შემდეგ არც-ერთი დევნილი აღარ გარდაიცვლებოდა?”
ფატიმა გვიმტკიცებს, რომ თავის დროზე, ეს ფერდობი მერიამ ყოფილ ყრუ-მუნჯთა თავშესაფარში მცხოვრებლებს გადასცა. ის ეფუძნებოდა საქართველოში სასაფლაოების მოწყობის/დაგეგმვის ლოგიკას, რომელიც ამბობს, რომ სასაფლაოს მიწა 15 წლის შემდეგ ხელხალხა შეგიძლია საფლავისთვის გამოიყენო. “მეც ვიცი, რომ ეს მიღებული პრაქტიკაა და რადგან აქ სასაფლაო უკვე იყო, სწორედ ამიტომ მოგვცეს ჩვენც.”
ოლეგიც და ფატიმაც ადასტურებენ ამ ფერდობზე ძველად სასაფლაოს არსებობას. ცოტა მოშორებით, ახლანდელი ავტოსამრეცხაოს ადგილას, თქვენც შეამჩნევთ ორ საფლავს, რომელიც 1940-იანი და 50-იანი წლებით თარიღდება. დანარჩენის კვალი წაშლილია, რადგან ზუსტად ამ ტერიტორიაზე დაუსრულებელი საცხოვრებელი კორპუსები დგას. “50 წლის სასაფლაო, ვკითხე… მისაღებია? ამ საფლავებს თავზე ხომ ვერ გადააბიჯებთ? ბევრი საფლავი იყო, სულ შემოღობილი,” იხსენებს ფატიმა.
***
სასაფლაოზე დღეს ადგილი პრაქტიკულად აღარ არის. საბოლოოდ, ნინო გურასპიშვილმა ადვოკატთა ჯგუფი დაიქირავა და ამ საქმის სასამართლოში წასაღებად ემზადება. ის ითხოვს ან ქალაქის ხელისუფლებამ მისცეს სანაცვლოდ სხვა მიწის ნაკვეთი, ან მიწის ახლანდელი ღირებულების შესაბამისად აუნაზღაურონ დანაკარგი; ან საფლავის ექსკუმაცია ჩატარდეს.
“სახელმწიფომ რაც შეიძლებოდა ყველაფერს ხელი დააფარა, ამ მიწასთან დაკავშირებული უკანონობა რომ მიეჩქმალა,”ამბობს ნინოს ადვოკატი მამუკა ქავლაშვილი. საქმე სასამართლოშია. ასეთი ტიპის საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილების გამოტანას სასამართლო, როგორც წესი, 2 თვეს ანდომებს ხოლმე, მაგრამ მისი გუნდი წელიწადზე მეტია უკვე გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.
სხვადასხვა მიზეზი არსებობს რატომაც შეიძლება სახელმწიფო ამ საქმის განხილვას აჭიანურებდეს. მამუკას აზრით, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ქართულ კულტურაში დაკრძალვის ადგილების მიმართ გამძაფრებული მგრძნობელობა; მაშინ როცა ქალაქის მერია დევნილების გამოსახლების დროს არაფერს ითვალისწინებს, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც შესაძლოა უფრო მომგებიანიც კი იყოს. თუმცა, სასაფლაოს საკითხში ჩარევას, საზოგადოების მძაფრი კრიტიკა შეიძლება მოჰყვეს. საცხოვრებელი შეიძლება შეიცვალო, მაგრამ საფლავი სხეულის ბოლო განსასვენებელია. “მთავრობას არ უნდა ხმაური და მედიის ზედმეტი ყურადღება. ამ საფლავების უმეტესობა დევნილებს ეკუთვნოდათ,” გვეუბნება მამუკა. “წარმოიდგინეთ რა სენსიტიური თემაა. მიცვალებულების ამოთხრა და სხვა ადგილას გადასვენება. სწორედ ამიტომ არიდებს თავს სახელმწიფო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.”
Chai Khana სტატიის მომზადების პროცესში არაერთხელ დაუკავშირდა ქალაქის მერიას, მაგრამ უშედეგოდ.
***
ვეძისის სასაფლაო დევნილებისთვის მწუხარებისა და გლოვის გამოხატვის ადგილია. ახლობლებისა და ნათესავების იქ დაკრძალვით, დევნილებმა ოდესღაც უცხო მიწასთან კავშირის დამყარება დაიწყეს. ოლეგს ვკითხეთ, განიხილავს თუ არა სხვა უბანში გადასვლას. ის თავს აქნევს და გვეუბნება: “აქ მირჩევნია დარჩენა, ყველა ჩემი ახლობელი ადამიანის საფლავი აქ არის. სად უნდა წავიდე? საერთოდ დავკარგე გართობის ხალისი. თუ წავალ, მეც ზემოთ [სასაფლაოზე] ავალ.”
“როდესაც დიდი ხანი არ გყავს ადამიანი ნანახი, მიდიხარ და ტირი, გულზე ცოტა გეშვება,”გვიხსნის ფატიმა. “როდესაც დაკრძალვიდან სახლში ვბრუნდები, თითქოს უფრო მშვიდად ვარ იმ დღეს. ჩემი ქმარი დამცინის ხოლმე და მეუბნება: რას ლაპარაკობ, ხომ არ დაგავიწყდა დაკრძალვაზე რომ იყავიო…ჩემს ხალხს ვხედავ იქ და რა ვქნა, მეტირება. ერთად რომ ვსხედვართ და ვტირით ცოტა მიმსუბუქდება ტკივილი. ეს არის ჩემთვის განტვირთვა. თორე, კი არ მიხარია მათი გარდაცვალება.”

story