ENG

GE

AZ ARM

პროექტის სანახავად გთხოვთ ეწვიეთ ჩვენი ვებგვერდის desktop ვერსიას.

დევნილობის ისტორიები:
როგორ განსაზღვრა ათწლეულების კონფილქტებმა ადამიანების ბედი

57 წლის მაია ზუბაშვილს სახლის შეგრძნება მას შემდეგ აღარ ჰქონია, რაც 2008 წლის ომის დროს, სამხრეთ ოსეთიდან, თავისი სოფლიდან იძულებული გახდა გამოქცეულიყო. დღეს 33 წლის შვილთან, სოსო ზუბაშვილთან ერთად 27 კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობს გორში, ყოფილი სამუსიკო სკოლის გარემონტებულ შენობაში.
“გძულს აქ შემოსვლა. უყურებ და მაშინვე ხვდები, რომ აქ დევნილები ცხოვრობენ, საშინელებაა ეს მდგომარეობა,” გვეუბნება მაია.
მაია 2008 წელს გახდა დევნილი, როცა ცხინვალის ჩრდილოეთით მისი სოფელი ხეითი ოკუპანტებმა დაიკავეს. თავიდან შვილთან ერთად თბილისში წამოვიდა. გლდანში, სპეციალურად დევნილებისთვის საცხოვრებლად გადაკეთებულ საბავშვო ბაღში ათევდნენ ღამეს.
2009 წლის დასაწყისში, მთავრობის წარმომადგენელმა მოულოდნელად დაურეკა და არჩევანის წინაშე დააყენა: ან სოფელ შავშვებში, ან სოფელ ბერბუკში საცხოვრებლად გადასვლა; ან გორში, ქარხანასთან ახლოს. მაიამ იცოდა, რომ ეს სოფლები ქალაქიდან მოშორებით იყო, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რა პირობები დახვდებოდა გორში. ამის მიუხედავად, მან მაინც გორი აირჩია იმ მიზეზით, რომ დედაქალაქთან ახლოს, სამსახურს უფრო ადვილად იპოვიდა.

story

ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში დევნილების 40 ოჯახი 14 წელია ცხოვრობს იმ იმედით, რომ ოდესმე უკეთეს პირობებში გადავლენ. ეს იმედი უფრო რეალისტური მხოლოდ მაშინ ხდება, როცა არჩევნები მოდის; როცა ხელისუფლების წარმომადგენლები ხმების მისაღებად შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობენ. როგორც კი საარჩევნო უბნები იხურება, მათი პრობლემაც თითქოს სხვა ადამიანების პასუხისმგებლობა ხდება. (ავტორი: მარიამ მუმლაძე)

მაშინ როცა ათასობით ოჯახმა ახლადაშენებული კოტეჯები მიიღო სოფელ შავშვებსა და ბერბუკში, მაიას და მის შვილს 27-27 კვადრატული მეტრი ოთახები გადასცეს, რომლებსაც ერთმანეთისგან თაბაშირის კედელი ჰყოფდა. შემოსავლის მიღების მიზნით ერთი ოთახი გააქირავეს და ახლა დარჩენილ ერთ ოთახში მაია, მისი შვილი, რძალი და ოთხი შვილიშვილი ცხოვრობს.
“ყოფილი სამუსიკო სკოლის გარემონტებულ შენობაში, რომელიც თავიდან 20 ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, დღეს 40 ოჯახი ვცხოვრობთ. ელემენტარული პირობებიც კი არ არის: ყველგან ობია, წყალი შეზღუდულად მოგვეწოდება, წყლის გაჟონვა სულ კონფლიქტის მიზეზია მეზობლებში,” ამბობს მაია და იქვე ამატებს, რომ უკვე ყველა იმედი გადაეწურათ, რომ ოდესმე ვინმე ახალ სახლს აუშენებთ.

story

მაიას შვილიშვილები საძინებელში თამაშობენ (ავტორი: მარიამ მუმლაძე).

2020 წელს საქართველოს მთავრობამ, საბიუჯეტო სახსრებითა და დონორების დახმარებით, 42.000 ოჯახი ბინით უზრუნველყო. 40 000 ისევ სახლს ელოდება. მაიას მსგავსად, ბევრმა დევნილმა აღმოაჩინა, რომ ის, რასაც მთავრობა “გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფას” ეძახის, არასტაბილურია.
მათი ახლანდელი მდგომარეობა ნაწილობრივ ირეკლავს ხელისუფლების წარუმატებელ პოლიტიკას შეიმუშაოს კომპლექსური გეგმა უსახლკარობის კრიზისის დასაძლევად. დევნილთა about პირველი კანონი 1996 წელს მიიღეს, აფხაზეთის ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ. ამ ომმა 250 000 ქართველი აქცია დევნილად. ეს კანონი დევნილის სტატუსს აღიარებდა და დროებით გამოსავალს სთავაზობდა მათ. მაგალითად, ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვას იქ, სადაც დასახლდებოდნენ.
მთავრობის გადაწყვეტილებების მოლოდინში, ბევრმა თავშესაფარი მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ან ფუნქციადაკარგულ, დანგრევის პირას მყოფ შენობებში იპოვა: ქარხნებში, სასტუმროებში, კლინიკებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და ყოფილ სტუდენტურ საცხოვრებლებში.
მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც დევნილობის ყველა ასპექტს ითვალისწინებდა: დაწყებული საცხოვრებლიდან, დამთავრებული ჯანდაცვის სერვისებით, დასაქმებით, განათლებითა და იურიდიული სტატუსით, კონკრეტული პროგრამების პრაქტიკაში განხორციელება გაცილებით რთული აღმოჩნდა. გორის ყოფილი მუსიკალური სკოლის რამდენიმე მცხოვრები უსამართლობის განცდას გვიზიარებს და იმედგაცრუებას გამოხატავს, ერთი შეხედვით, შემთხვევითი შერჩევის პროცესის მიმართ, როცა ზოგიერთი უფრო იღბლიანი აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე დანარჩენები.
“ამ სფეროში ყველაზე დიდ გამოწვევას 300-მდე კოლექტიური დასახლება წარმოადგენს, რომლებიც ფაქტობრივად, ნანგრევებშია, ამორტიზებულია და სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთ პირობებში 20 000 დევნილი ცხოვრობს. სასწრაფოდ განსახლებაა საჭირო. ამ დასახლებებში უკიდურესი სიღარიბეა,” გვეუბნება მერი ბიწაძე - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის “აფხაზეთის” (CHCA) კომუნიკაციების კოორდინატორი.
მთავრობამ 2013 წელს ქულების სისტემა დანერგა იმ მიზნით, რომ პროცესი გაემარტივებინა და პრიორიტეტულად განესაზღვრა, რომელი ოჯახები მიიღებდნენ პირველ რიგში საცხოვრებელს. ქულების მინიჭებით სამინისტრო განიხილავდა ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი; არის თუ არა ოჯახში პენსიონერი, ვეტერანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ჰყავს, თუ არა ოჯახს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილი. სამინისტრო ყურადღებას აქცევდა იმასაც, თუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ დევნილები თავიანთ დროებით საცხოვრებლებში. პირველადი მოკვლევის შემდეგ, ოჯახებმა ადგილზე ვიზიტების ეტაპიც უნდა გაიარონ და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, გასაუბრებაც ჩაუტარდეთ.
დევნილები მიიჩნევენ, რომ ქულების სისტემა მაინც გაუმართავი იყო.
აფხაზეთიდან დევნილი 30 წლის მონიკა დგებუაძე, რომელიც ქმართან და ორ შვილთან ერთად ახლადაშენებულ კორპუსში ცხოვრობს ზუგდიდში, გვეუბნება, რომ იცნობს ოჯახებს, რომლებმაც სისტემაში უბრალო შეცდომების გამო ვერ მიიღეს საცხოვრებლები. ამ ხარვეზების გამოსწორება უმარტივესი იყო. ვიღაცებმა ქირით გადასვლა არჩიეს, ან სხვადასხვა მიზეზის გამო, მიღებული სახლები გაყიდეს.
“არიან ისეთებიც, რომლებსაც ბინა არ სჭირდებათ, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებისთვისაც ბინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ უბრალო შეცდომების გამო, დაიჩაგრნენ,”ამბობს მონიკა. მაგალითად, ადგილზე ვიზიტის დროს სახლში არდახვედრა შეიძლებოდა ბინის მიღებაზე უარის მიზეზი გამხდარიყო, მაშინ როცა წინასწარ არავინ აფრთხილებდათ, როდის მივიდოდნენ. ამავე დროს, არიან ოჯახები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და არც გეგმავენ.”
მისკომუნიკაცია დევნილებსა და მთავრობას შორის ხშირია. როდესაც მაიამ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა შვილიშვილების ფაქტორის გათვალისწინებით ერთი დამატებითი ოთახი მიეღოთ, დამამცირებელი პასუხი მოისმინა: “ეს ის ადგილია, რომელიც შენ და შენს შვილს გამოგიყავით, ამიტომ იყავით იქ, სადაც ხართ.”

Chai Khana ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა ინტერვიუსთვის, მაგრამ პასუხი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.
სისტემაში ნავიგაციისთვის დევნილები არასამთავრობო ორაგინაზიებს სთხოვდნენ დახმარებას. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მათ იურიდიულ კონსულტაციას უწევდათ. ბინის მიღების პროცესში ეს დახმარება მათთვის შესაძლოა გადამწყვეტი ყოფილიყო.
“ამჟამად 4 საქმე გვაქვს საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით. შარშან საიამ ორი საქმე სასამართლოში მოიგო. ეს კონსულტაცია უფასოა. შარშან, მაგალითად, 141-მა დევნილმა ისარგებლა ამ კონსულტაციით,”გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე, საიას იურიდიული დახმარების პროგრამის დირექტორი.
2019 წელს, ამ საკითხზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საიას მიერ გამოცემულმა ანგარიშმა აჩვენა, რომ დევნილების 74%-ი ყველაზე მწვავე პრობლემად საცხოვრებელ პირობებს ასახელებს. ამბობენ, რომ მათთვის მიუწვდომელია ბაზისური სერვისები: მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებები და ტრანსპორტი.
დევნილი ოჯახები მოკლებულები არიან ბევრ საჯარო სიკეთეს და შესაძლებლობებს. განიცდიან, რომ ვერ ამზადებენ ბავშვებს უმაღლესი განათლების გამოცდებისთვის და არ შეუძლიათ სწავლის გადასახადი გადაუხადონ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი შვილი უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
ანგარიშში გამოკითხული დევნილებიდან 70%-ი, რომლებიც მთავრობის მიერ გადახდილი ქირით, ან მათ მიერ აშენებულ დასახლებაში ცხოვრობდა, შემოსავლის ძირითად წყაროდ სოციალურ შემწეობას და პენსიას ასახელებდა. მხოლოდ 23%-ი გამოიმუშავებდა ხელფასს. ეს სტატისტიკა იმ მწარე რეალობას აჩვენებს, რომლის წინაშეც დევნილი ოჯახები საქართველოში არიან.
მაია ბიწაძე გვეუბნება, რომ იმ “იღბლიანებსაც” აქვთ პრობლემები, რომლებსაც მთავრობამ დევნილთა დასახლებაში სახლები გადასცა.
“ამ პროგრამის მთავარი ხარვეზი ის არის, რომ რამდენიმე კორპუსი ყველაზე გაჭირვებული დევნილებისთვის ერთ ტერიტორიაზე შენდება, რაც კონცენტრირებულ სიღარიბეს ქმნის,”ამბობს მაია.

story

მაიას რძალი, 32 წლის მარინა ზუბაშვილი, სკოლაში წასასვლელად შვილს მისაღებ ოთახში ამზადებს (ავტორი: მარიამ მუმლაძე).

დევნილთა მონაწილეობის ნაკლებობა ისეთ პროცესებში, რაც მათ მომავალს განსაზღვრავს, მნიშვნელოვანი პრობლემაა. იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის 2020 წლის ანგარიშმა აჩვენა, რომ კარგი სტრატეგიის მიუხედავად, პრაქტიკაში მისი იმპლემენტაცია სუსტია. დევნილების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ მიიღება მათ საცხოვრისებზე გადაწყვეტილებები.
“ორ თვეში ტერიტორია აარჩიეს, ერთ კვირაში გეგმა დახაზეს და სახლები ააშენეს. ძალიან სწრაფად გაკეთდა ყველაფერი,”გვეუბნება ნანო ზაზანაშვილი, არქიტექტორი და 2011 წლის კვლევის მთავარი მკვლევარი, რომელიც გორთან ახლოს, მთავრობის მიერ აშენებულ დევნილთა დასახლებებს სწავლობდა.
“მთლიანი პროცესი არაფორმალური იყო. ზოგიერთმა რესპონდენტმა მითხრა, რომ ერთი სატელეფონო ზარის საფუძველზე გადაწყვიტეს ყველაფერი: მაგალითად, დაურეკავდნენ ვიღაცას და უსწრაფეს ვადებში სახლის პროექტის გეგმის შედგენას მოსთხოვდნენ. ასე მიიღებოდა ყველა დანარჩენი გადაწყვეტილებაც.”
ზოგიერთი დასახლება სკოლისა და სხვა ძირთადი ინფრასტრუქტურის გარეშე იყო.
ნუგზარ თინიკაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი და 2008 წლის ომის დევნილი, აღიარებს, რომ დასახლების მშენებლობის დროს პრობლემები ნამდვილად იყო. მან და მისმა ოჯახმა სახლი წეროვანში მიიღეს. ეს საკმაოდ დიდი დასახლებაა, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.
“სერიოზული პრობლემები იყო აქ. ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთეს, შესაბამისად, მშენებლობის მიმართ კრიტიკაც ბუნებრივია,” ამბობს ნუგზარი.
2014 წლამდე, სანამ ნუგზარს აირჩევდნენ, ცხელი წყალიც არ ჰქონდათ. ოჯახები იძულებულები იყვნენ, სახლიდან 20 მეტრში, ხის ფარდულებით ესარგებლათ. მას შემდეგ, რაც ნუგზარი წეროვანისა და მისი მიმდებარე დასახლებების გამგებლად აირჩიეს, 2700 ოჯახს სახლებში სველი წერტილები მოუწესრიგეს და ცხელი წყლითაც უზრუნველყვეს.
დღეს უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ დასახლებაში ისევ უამრავი გამოწვევა აქვთ.
“იმ პრობლემების წინაშე ვართ ჩვენც, რაშიც მთელი ქვეყანა. უბრალოდ, ჩვენ დამატებით, დევნილებიც ვართ. დასაქმება ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა, თვითონ წეროვანში, დასაქმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 1500 ადამიანი მუშაობს და 300 კიდევ თვითდასაქმებულია,” გვეუბნება ნუგზარი.
“ჩვენ უნდა ვუთხრათ მთავრობას რა გვჭირდება. პროექტებსაც იმის მიხედვით ვირჩევთ, რაც მოსახლეობას სჭირდება. რადგან მეც დევნილი ვარ და აქ ვცხოვრობ, კაგრად ვიცი.”
მსოფლიო ბანკის 2019 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ დევნილთა 14.4% უმუშევარია, თუმცა სოფლებში ეს მაჩვენებელი 40%-ს უახლოვდება. გამოკითხულთა 70%-ი თავს უმუშევრად მიიჩნევს.
შრომის ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, ეგრეთ წოდებულ “ძველ დევნილებს”, მათ შორის, 90-იან წლებში აფხაზეთიდან წამოსულებს, თავიანთ კოლეგებთან შედარებით, 10%-ით ნაკლები ხელფასი აქვთ. UNCHR-ის 2009 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დევნილი ბავშვები, თავის თანატოლებთან შედარებით, უფრო დაუცველები არიან. ოჯახის დასახმარებლად, ხშირად სკოლის ადრე დატოვებაც უწევთ.
თუმცა, ყველა დევნილს ერთნაირი მდგომარეობა არ აქვს. დევნილთა საცხოვრებლებს სხვადასხვა დონორი აფინანსებს, შესაბამისად, არიან ოჯახები, რომლებიც გაცილებით კარგ პირობებში ცხოვრობენ.
ათეული წლებია უკვე დანიის ლტოლვილთა საბჭო საქართველოში დევნილთა საბინაო პროექტებს ახორციელებს. დევნილები, რომლებიც დანიის ლტოლვითა საბჭოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების სახლებს იღებენ.
DCR-ს საკმაოდ მკაცრი სელექციის პროცესი აქვს. ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელიც მას მთავრობის პროგრამებისგან განასხვავებს, არის ის, რომ ოჯახებს მიწის საკუთრებაში მფლობელობას ავალდებულებს. სწორედ ამ მიწაზე უნდა აშენდეს მათი მომავალი სახლიც.
მთავრობის მიერ გაცემული საცხოვრებლებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში დევნილებს მეტი უფლებები აქვთ.
დანიის ლტოლვითა საბჭოს ინჟინრების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომლებიც აქტიურად ზედამხედველობენ მშენებლობას. თავად ოჯახებიც ჩართულები არიან ამ პროცესში, გვეუბნება ნინო ხოხობაია, DCR-ის პროგრამების ხელმძღვანელი.
სერვისის მიმღებები ხშირად საუკეთესო მონიტორინგს უწევენ მშენებლობის პროცესს. უყურებენ, როგორ შენდება მათი სახლი. საკმარისია, პროცესი სადმე შეფერხდეს, რომ მაშინვე გვირეკავენ და საქმის კურსში გვაყენებენ,”ამბობს ნინო.
ხვიჩა ბაქრაძე და მისი ცოლი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, დევნილები არიან. დღეს ისინი DRC-ისგან ბინის მიღებას ელოდებიან. ამჟამად თბილისში ცხოვრობენ, თუმცა მათი სახლი ქალაქ ხაშურთან ახლოს აშენდება.

  • story
  • slide-story-2
  • slide-story-1

მიშა ბეჟეტაშვილი 10 წლის იყო ოჯახთან ერთად აფხაზეთიდან რომ გამოიქცა. 25 წელი რუსეთში იცხოვრა, მაგრამ 2019 წელს საქართველოში მოხუცი მამის მისახედად დაბრუნდა. ცოლი მოიყვანა და ხვიჩას მსგავსად, DRC-ის პროგრამაში ჩაერთო. მიშამ სახლი საგვარეულო სოფელში, სასირეთში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა და მიშა ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან, მათი სახლი განლაგებით და ხარისხით აბსოლუტურად იდენტურია (ავტორი: ნიკა ვეცკო).

ხვიჩამ და მისმა ოჯახმა აფხაზეთი ომის დროს, 1992-1993 წლებში, დატოვეს. იძულებულები იყვნენ თბილისის ძველ სანატორიუმში, 20 კვადრატულ მეტრ ოთახში წლები ეცხოვრათ. “საშინელი პირობები იყო. 2016 წლამდე იქ ვცხოვრობდით,”იხსენებს ხვიჩა.
2016 წელს ხვიჩამ და თამარმა იქორწინეს. სანატორიუმი დატოვეს და ბინა იქირავეს. იმ დროისთვის მთავრობის საბინაო პოლიტიკა აქტიური იყო, ამიტომ იმედი ჰქონდათ, რომ ბინას მიიღებდნენ. თუმცა, მთავრობის მიერ შემუშავებული ქულების სისტემისთვის, ხვიჩა და თამარი ზედმეტად “მდიდრები” აღმოჩნდნენ. რადგან თბილისში ბინას ქირაობნენ, სისტემამ ისინი არაშესაფერის კანდიდატებად აღიქვა.
“დავრეკე მერე სამინისტროში და მიპასუხეს, რომ ვერცერთ კატეგორიაში ვერ ვჯდებოდით. სისტემის მიხედვით, მაღალი ქულა რომ მიგვეღო, ან ვეტერანი უნდა ყოფილიყო ოჯახის რომელიმე წევრი, ან სოციალურად დაუცველი, ან ბევრი სესხით. საბედნიეროდ, ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში არ ვარ. სამეზობლოში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჩემზე გაცილებით მეტად უჭირდათ, მაგრამ მათაც კი არ მიანიჭეს მაღალი ქულა. შესაბამისად, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა ლოდინს,” გვიხსნის ხვიჩა.
ამის ნაცვლად, სახლზე განაცხადი ოჯახმა DRC-ის პროგრამაში შეიტანა. მათი საგვარეული სახლი ხაშურში იყო. 2020 წლის ნოემბერში განაცხადი დაუკმაყოფილეს და 2021 წლის ივნისში უკვე სახლის მშენებლობა დაიწყეს. როგორც ხვიჩა ამბობს, სულ მალე დასრულდება. 54 კვადრატული მეტრის ფართობის სახლში სამზარეულო, მისაღები ოთახი, აბაზანა და ორი საძინებელი ექნებათ.
“ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც მთავრობამ თბილისში სახლი მისცა, მაგრამ არც-ერთი კმაყოფილი არ არის,”გვეუბნება ხვიჩა. “რასაც მე ვუყურებ, აქ ყველაფერს აკონტროლებენ, ძალიან ხარისხიანად აშენებენ. ჩემ გარშემო ყველას ვუთხარი, რომ თუ კი სოფელში ცხოვრებას გადაწყვეტენ, ეს პროგრამა იდეალურია. მე როგორც ვიცი, კონკურენციაც შედარებით ნაკლებია. რატომღაც ყველას კორპუსის ბინა უნდა.”

story

83 წლის გურამ ელბაქიძე, ცოლთან, ანასთან ერთად იმ კორპუსში ცხოვრობს, რომელშიც მაია და მისი ოჯახი. გურამი და ანა სამხრეთ ოსეთიდან არიან. 2008 წლის ომს გამოექცნენ და აქ დაბინავდნენ. მათი ქალიშვილი დღესაც ცხინვალში ცხოვრობს და მუშაობს.
გურამმა გვითხრა, რომ მთავრობამ მას სოციალური შემწეობა შეუწყვიტა, რომელიც თვეში ერთ ადამიანზე 45 ლარია. შემოწმებისას უთხრეს, რომ მათ საწუწუნო არაფერი ჰქონდათ, რადგან ორ ოთახში ცხოვრობდნენ.