ქართველი ებრაელების
საერთო მეხსიერება
ამ გამოცემაში Chai Khana ქართველი ებრაელების მემკვიდრეობასა და ჩვენი მრავალწლიანი თანაცხოვრების გამოცდილებას იკვლევს.
ჩვენთან სჯერათ, რომ პირველი ებრაელი ემიგრანტები საქართველოში დაახლოებით 2600 წლის წინ ჩამოვიდნენ. 20 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ხალხმა ასიმილაცია განიცადა. ქართულ-ებრაული ენა, ყივრულიც კი შეიქმნა.
ებრაული თემი ძალიან აქტიური და მრავალფეროვანი იყო. სანამ ისრაელში გადასახლების უფლებას მოიპოვებდნენ, საქართველოში დაახლოებით 100 000-ნი იყვნენ. დღეს მათგან მხოლოდ 4000-მდეა დარჩენილი.
Chai Khana-ს ავტორებმა ამ დრომდე გაუმჟღავნებელ ამბებსა და სხვა საინტერესო ისტორიებს მოუყარეს თავი. გაიცნობთ როზა თავდიდიშვილს, სოციალურ აქტივისტს, რომელიც ქალების განათლების უფლებისთვის იბრძოდა და რომელმაც ქართველი ებრაელების გამოცდილება ზღაპრებში აღწერა. დოკუმენტალისტი შორენა თევზაძე გვიყვება, როგორ აუხდა ერთ უბრალო ადამიანს ბავშვობის ოცნება სიბერეში და როგორ გახდა პირველი ებრაელი მხატვარი საქართველოში.
გამოცემა იმ ადამიანების პირად ისტორიებსაც გვიზიარებს, რომლებმაც თავის დროზე, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტეს.
პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით მომზადდა. საინტერესოა თავად ელჩის, რან გიდორის პერსონალური გამოცდილება, რომელიც მას ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან აკავშირებს.
“ვხედავთ, რომ ძლიერი საზოგადოება, რომელიც საქართველოში დაახლოებით ორი ათასწლეული ცხოვრობდა, ნელ-ნელა საგრძნობლად მცირდება. ამიტომ გადავწყვიტე ამ პროექტის მხარდაჭერა. ებრაელების მემკვიდრეობაზე, ჩვენს საერთო მეხსიერებაზე ამბების მოყოლა და გახსენება ყველაზე კარგი გზა მგონია ამ ურთიერთობების გასაძლიერებლად,” გვეუბნება რან გიდორი, ისრაელის ელჩი საქართველოში.
“ეს ისტორიები ებრაელების მიმართ დამოკიდებულებების კრიტიკულ გააზრებაშიც უნდა დაეხმაროს მკითხველს და მათი მრავალფეროვანი, მდიდარი სამყარო ხელახლა აღმოაჩენინოს.”