რაფაელ მესენგისერი, 89, სოხუმი
რაფიელ მესენგისერი ქოენია. ქოენებს ებრაელ ხალხში დიდ პატივს სცემენ. ისინი უმაღლესი სასულიერო მოღვაწეები არიან. სტატუსის გადაცემა მემკვიდრეობით ხდება, მამის ხაზით.
რაფიელ მესენგისერი სოხუმში დაიბადა და სკოლაც ოქროს მედალზე იქ დაამთავრა. ახსოვს, როგორი რთული იყო ოჯახისთვის მეორე მსოფლიო ომის წლები. მამის გარეშე დარჩენილები, შიმშილისა და სიცივის მიუხედავად, ძმებთან ერთად თორას სულ კითხულობდა და რელიგიურ კანონებსაც სწავლობდა.
სკოლის დასრულების შემდეგ მოსკოვში წავიდა. ფერადი მეტალებისა და ოქროს ინსტიტუტში ისწავლა. პროფესიით ინჟინერ-მეტალურგია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჯერ ქუთაისში, მანქანათმშენებლობის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით კი, ფოთში, გემთმშენებლობის ქარხანაში. კარგი მუშაობისთვის დააწინაურეს და თბილისში გადმოიყვანეს. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს.
დღეს რაფიელი ებრაულ სათემო სახლში “ხესედ ელიაჰუში” მუშაობს. ის მაშგიახია, ანუ სამზარეულოში კვების სწორად მომზადების წესებს მეთვალყურეობს. “აშგახა” ებრაულ ენაზე მეთვალყურეობას ნიშნავს.
ყველა დილას ლოცვით იწყებს. დღის განმავლობაში კითხულობს თორას, თალმუდს, დავით მეფის ფსალმუნებს. საღამოს კი მაარივს, ანუ საღამოს ლოცვას.
შაბათი ებრაელი ერისთვის ყველაზე წმინდა დღეა. ამ დღეს რაფიელი ყოველთვის ფეხით მიდის სინაგოგისკენ, რომ ებრაელი თემი დალოცოს.