photo
dot

22 თხელი
თორმეტფურცლიანი რვეული

ებრაელების ისტორია ზღაპრებში

ავტორი: თეონა თხელიძე
ილუსტრაცია: ლიკა გურგენიშვილი

როზა თავდიდიშვილის ცხოვრება, ალბათ, ძალიან ჰგავს იმ პერიოდში დაწერილ თავის ზღაპრებს. მისი ამბავი, ისევე როგორც ყველა კარგი ზღაპარი, ადრე წარსულში, მე-19 საუკუნის ბოლოს იწყება და ძლიერ ქალზე გვიყვება. გმირზე, რომელმაც არა ერთ გამოწვევას გაუძლო, რომ ჩაგრულ ხალხს დახმარებოდა და მათთვის ხმის უფლება მიეცა. ზღაპრების სახით ეს განძი დაგვიანებით, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩინეთ.

როზა თავდიდიშვილი, ქართულ-ებრაულ ოჯახში, 1886 წელს დაიბადა. ამ დროს საქართველო რუსული იმპერიის მმართველობის ქვეშ იყო. ებრაელები საუკუნეებია საქართველოში ცხოვრობენ (2600 წელს ითვლიან). როზა თავდიდიშვილის სიცოცხლეში ისინი უკვე კარგად ასიმილირებულები იყვნენ.

როზა მაშინ 40 წლის იყო. საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილი ჰქონდა, თუმცა, მოგვიანებით ისევ დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ქალებს უფლებები ძალიან შეზღუდული ჰქონდათ, როზა თავდიდიშვილმა მაინც შეძლო ემუშავა ჟურნალისტად, ყოფილიყო აქტივისტი, მწერალი და საჯარო ფიგურა.

1926-1928 წლებში, როზა თავდიდიშვილი ქუთაისში, ქალაქის საკრებულოში მუშაობდა, აღმასრულებელი კომიტეტის წევრი იყო. ის ქალთა კლუბსაც ხელმძღვანელობდა ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ებრაელები ცხოვრობდნენ. ებრაელ მოსწავლეებს წერა-კითხვის სწავლაშიც ეხმარებოდა თურმე.

როზა დაუღალავად შრომობდა ქალთა თანასწორობისთვის, განსაკუთრებით, განათლების მიღების საკითხი აღელვებდა. ცდილობდა ქალებს საოჯახო საქმის გარდა, სამსახური ჰქონოდათ.

“მთელი თავისი სიცოცხელე, როზა განათლების შესაძლებლობისთვის და ზოგადად, ებრაელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდა. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, რომ წერა დაეწყო,” გვეუბნება როზას შვილიშვილი დოდო ჩიკვაშვილი.

“ის იმ თაობას წარმოადგენდა, რომელიც უფრო მეტს ფიქრობდა წარსულზე, ახლანდელ დროზე და შესაბამისად, მომავალზე. 1940 წელს, მან აკადემიური ნაშრომიც გამოსცა. ეს იყო ეთნოგრაფიული ნარკვევი ებრაელი ხალხის ცხოვრებაზე ქუთაისში. ეს გამოცემა აერთიანებს ებრაულ დღესასწაულებს, ლეგენდებს, ფოლკლორს, ანდაზებსა და რებუსებს.”

თუმცა, მისი, ალბათ, ყველაზე მნიშვენლოვანი ნამუშევარი წლები დაკარგული იყო.

22 თხელი თორმეტფურცლიანი რვეული, რომელშიც სულ ხელით ნაწერი ზღაპრებია, როზა თავდიდიშვილს ეკუთვნის. საინტერესოა, რომ ამ ზღაპრებში ყივრულ ენას ვხვდებით, რომელზეც მაშინ ქართველი-ებრალები ლაპარაკობდნენ. ლიტერატურის მუზეუმს ეს რვეულები 1967 წელს, როზას გარდაცვალების შემდეგ გადასცეს.

photo photo photo photo

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ეს ზღაპრები საუკეთესოდ გამოხატავს ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობას.

“ამ ზღაპრების ანალიზი ძალიან საინტერესო იქნება, აუცილებლად უნდა გამოიცეს წიგნად,” გვეუბნება ლაშა ბაქრაძე. “ერთი მხრივ, ეს ზღაპრები გაგვაცნობს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს და მეორე მხრივ, ძალიან საინტერესოა გავიგოთ, რა საერთოა ქართველი-ებრაელებისა და სხვა ქვეყნის ებრაელების ზღაპრებს შორის. ვხვდებით საერთო მახასიათებლებს აღმოსავლეთისა და ევროპის ებრაულ ზღაპრებში? თუ ეს თავისთავადი, დამოუკიდებელი ქართულ-ებრაული ზღაპრებია, რომლებიც საქართველოში შეიქმნა? როგორც ვიცით, იმ პერიოდში, ქართველ ებრაელებს სხვა ქვეყნის ებრაულ თემთან ინტენსიური კავშირი არ ჰქონდათ.”

დოდო ჩიკვაშვილი ამბობს, რომ ბებიას უნდოდა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებსა და თანაცხოვრების გამოცდილებაზე დოკუმენტი დარჩენილიყოო; დაწერილი ისტორია, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა.

“ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივაცია, რატომაც ბებიამ გადაწყვიტა ზღაპრები ჩაეწერა ის იყო, რომ ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მანამდე წერილობით არაფერი არსებობდა,”ამბობს როზა თავდიდიშვილის შვილიშვილი.

ლაშა ბაქრაძე აზუსტებს, რომ ეს ზღაპრები როზა თავდიდიშვილმა 1937-1938 წლებში დაწერა, საბჭოთა იდეოლოგიის პერიოდში. “ამ დროს ისრაელი, როგორც სახელმწიფო, არ იყო შექმნილი და არც თანამედროვე ებრაული ენა არსებობდა. ეს ფაქტები დამატებით მნიშვნელობას სძენს ამ ზღაპრებს,”გვეუბნება ლაშა ბაქრაძე.

“ძალიან კარგი იქნება, თუ ქართველი დ ებრაელი ბავშვები ამ ზღაპრებს წაიკითხავენ, რადგან წარსული, რომელიც დაიკარგა, მათთვის უცებ გაცოცხლდება.”